• 29-11-2023
    ჰუმელსი: "ჯგუფში პირველობა ჩვენი ფანების წინ უნდა გავინაღდოთ"
    ჰუმელსი: "ჯგუფში პირველობა ჩვენი ფანების წინ უნდა გავინაღდოთ"

    ჩემპიონთა ლიგის სიკვდილის ჯგუფად შერაცხული F ჯგუფიდან მერვედფინალში ასპარეზობა პირველმა დორტმუნდის "ბორუსიამ" გაინაღდა. "შავ-ყვითლები" თავიდანვე ჯგუფის აუტსაიდერებად იყვნენ მიჩნეულნი, თუმცა ახლა ისეთი მოცემულობაა, რომ ბოლო ტურში 1 ქულის აღებაც ეყოფათ, რათა ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდნენ.

    შემდეგი ეტაპის საგზური ედინ ტერზიჩის გუნდმა "სან სიროზე", "მილანის" დამარცხებით მოიპოვა. "როსონერიმ" თავიდანვე ცუდად დაიწყო - ოლივიე ჟირუმ პენალტი გააფუჭა. ამას მარკო როისის გატანილი პენალტი მოჰყვა, რასაც სამუ ჩუკვუეზემ უპასუხა. ნიგერიელის გოლი "მილანის" ბოლო პოზიტივი იყო ამ შეხვედრაში. მეორე ტაიმში მენიოს კარი ბაინო-გიტენსმა და ადეიემიმ აიღეს, რითაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს.

    მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად "დორტმუნდის" ცენტრალური მცველი და კაპიტანი, მატს ჰუმელსი დასახელდა. 34 წლის გერმანელმა შეხვედრის შესახებ Sky Germany-ის გაესაუბრა.

    "რა თქმა უნდა, ეს კარგი თამაში იყო. ბოლო კვირებში თავს არასტაბილურად ვგრძნობდი. კმაყოფილი ვარ, რომ დღეს საქმე კარგად წავიდა. უკანასკნელ 4-5 კვირაში იყო ისეთი 2-3 მატჩი, სადაც ჩემი თამაშით კმაყოფილი არ დავრჩენილვარ. ვიმედოვნებ, რომ ახლა ყველაფერი ისე იქნება, როგორც სეზონის სტარტზე. ასე რომ, მსგავს აღმატებულ მომენტებს მივესალმები.

    ყველაფერი ძალიან კარგად გავაკეთეთ. მეტოქის სტადიონი გავანეიტრალეთ. მჯერა, რომ გამარჯვება დამსახურებული იყო. ჩემპიონთა ლიგის მატჩის ასეთ სტადიონზე თამაში განსაკუთრებული რამაა. ბიჭებს ვუთხარი, რომ არა დათრგუნვა, არამედ შთაგონება ეგრძნოთ. 

    გვინდა, რომ ჯგუფში პირველობა ჩვენი ფანების წინ გავინაღდოთ. რა თქმა უნდა, ყველაფერი ახლა ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებისკენ უნდა იყოს მიმართული. საშინაო ტრიბუნებზე საოცარი ატმოსფერო იქნება. 

    ბოლო წლებში დიდ კრიტიკას ვიღებდით იმის გამო, რასაც მენტალიტეტს უწოდებენ. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ ამ სეზონში მსგავსი ბრალდებები არ უნდა წაგვიყენონ. ჩვენ მოვიგეთ ნიუკასლში, მოვიგეთ მილანში და მოვიგეთ ბუნდესლიგის რთული საგარეო მატჩები. ჩვენ გავიზარდეთ და გავხდით გუნდი, რომელსაც მოედანზე ერთად მუშაობა სურს და გამარჯვება სწყურია," - თქვა ჰუმელსმა.

    როგორც უკვე გითხარით, ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის წინ მერვედფინალში გასვლა ამ ჯგუფიდან მხოლოდ დორტმუნდის "ბორუსიას" აქვს განაღდებული, რომლის ანგარიშზეც 10 ქულაა და პირველ ადგილს იკავებს. მეორეადგილოსან "პსჟ-ს" 7 ქულა აქვს, 5-5 ქულით კი "ნიუკასლი" და "მილანი" იყოფენ ბოლო ორ პოზიციას. 13 დეკემბერს "ბორუსია" შინ "პსჟ-ს" მიიღებს, "მილანი" კი ნიუკასლში ჩავა.

    Facebook კომენტარები