• 03-12-2023
    "მესამე გოლის გატანა გვინდოდა" - მარტინელი "ვულვზთან" მატჩზე
    "მესამე გოლის გატანა გვინდოდა" - მარტინელი "ვულვზთან" მატჩზე

    ლონდონის "არსენალი" პრემიერ ლიგაში წარმატებულ ასპარეზობას აგრძელებს. "მეთოფეებმა" გუშინ "ვულვერჰემპტონს" უმასპინძლეს და მორიგი გამარჯვება მოიპოვეს, ანგარიშით 2:1.

    მატჩის დაწყებიდან 13 წუთის თავზე, "მეთოფეთა" უპირატესობა უკვე ორბურთიანი გახლდათ. გოლები ბუკაიო საკამ და მარტინ ოდეგორმა მიითვალეს. პირველ ტაიმში მასპინძლებმა კიდევ რამდენიმე რეალური მომენტი გაატანეს ქარს, რამაც ის განაპირობა, რომ მატეუშ კუნიას მიერ 86-ე წუთზე გატანილმა გოლმა მატჩი დაძაბა. 

    მიუხედავად ბრაზილიელის გოლით მიღებული მუხტისა, "მგლებს" ბევრი არაფერი გამოუვიდათ. გოლის გატანასთან თუ ვინმე ახლოს იყო, ისევ "არსენალი", მაგრამ ედი ნკეტიას დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა.

    "ემირეიტსზე" ჩატარებული მატჩი "არსენალის" ბრაზილიელმა შემტევმა, გაბრიელ მარტინელიმ შეაფასა.

    "მაქსიმალურად ვცდილობდით ინტრიგის მოკვლას. მეტოქეზე ზეწოლას ვაგრძელებდით. ისე არ ვიქცეოდით, თითქოს თამაში უკვე მოგებული იყო.

    ყველა მატჩი მნიშვნელოვანია. ვიცით, რომ პრემიერ ლიგის სათავეში ვართ. აქ ყოფნა გვინდა. გვინდა, რომ აქ მთელი სეზონის განმავლობაში დავრჩეთ. მაქსიმუმს გავაკეთებთ," - თქვა მარტინელიმ.

    "არსენალს" 33 ქულა აქვს და მეორეადგილოსან "მანჩესტერ სიტის" 4 ქულით უსწრებს, თუმცა სხვაობის მინუმამდე შემცირება "ქალაქელებს" დღეს, "ტოტენჰემის" წინააღმდეგ გასამართ მატჩში შეეძლებათ.

    Facebook კომენტარები