• 08-12-2023
    “ესპანეთში თავს კომფორტულად ვგრძნობ” - ინტერვიუ გურამ ხვედელიძესთან
    “ესპანეთში თავს კომფორტულად ვგრძნობ” - ინტერვიუ გურამ ხვედელიძესთან

    როგორც მოგეხსენებათ, ქართველი მოთამაშეები მე-20 საუკუნიდან მოყოლებული ასპარეზობენ ესპანეთის ჩემპიონატში. თავდაპირველად, ლა ლიგაში გიორგი დემეტრაძე და შოთა არველაძე ასპარეზობდნენ.

    თანდათანობით ესპანეთში კიდევ უფრო მომრავლდნენ ქართველები. ამჟამად “ვალენსიას” კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, “ალავესის” მე-2 გუნდში გიორგი გაგუა ასპარეზობს, 24 წლის გიორგი ქოჩორაშვილი კი “ლევანტეს” ღირსებას იცავს.

    საგულისხმოა, რომ ესპანეთში კიდევ ერთი უნიჭიერესი მოთამაშე, გურამ ხვედელიძე ასპარეზობს. 1.84 სიმაღლის ნახევარმცველი საკმაოდ ისტორიული გუნდის, “რეალ ავილესის” ღირსებას იცავს, რომელიც 1903 წელს დაარსდა.

    გურამი საკმაოდ მებრძოლი ხასიათის მოთამაშეა, ამავდროულად მას მშვენიერი მოედნის ხედვა და პასის კულტურა აქვს.

    21 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში კოპა დელ რეიზე “არენტეიროს” წინააღმდეგ ითამაშა, სადაც საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

    საგულისხმოა, რომ გურამს ასევე საკმაოდ დიდი ტრადიციების მქონე გუნდის, “ტორინოს” აკადემიაში უთამაშია, 21 წლის მოთამაშეს “მონცას” აკადემიაში თამაშის გამოცდილებაც აქვს. ევროპული სათამაშო გამოცდილება მხოლოდ იტალიით არ შემოიფარგლება, ახალგაზრდა მოთამაშეს “სუპერ ნოვაში” თამაშის გამოცდილებაც აქვს. 

    გურამს ფეხბურთის გუნდში თამაშის ოცნება 6 წლის ასაკში აუხდა, როდესაც “ოლიმპში” დაიწყო თამაში, მას შემდეგ მას საქართველოში “საბურთალოს” აკადემიაშიც აქვს ნათამაშები. 

    გურამ ხვედელიძე ნამდვილად მოიაზრება იმ ახალგაზრდა ფეხბურთელთა სიაში, რომელსაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშის შესაძლებლობა აქვს.

    Footballnews 21 წლის მოთამაშეს ესპანეთში დაუკავშირდა და მასთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა:

    – როგორ ფორმაში ხარ და როგორ გრძნობ თავს?

    – ფიზიკურად თავს იდეალურად ვგრძნობ, გუნდში ყოველთვიურად გვიტარებენ ფიზიკური კონდინციებისა და ცხიმის ტესტს. თითოეულ ფეხბურთელს საკუთარი ინდივიდუალური პროგრამა გვაქვს, რაც ვარჯიშამდე, ან ვარჯიშის შემდეგ დამოუკიდებლად უნდა შევასრულოთ. რაც შეეხება ყოველწლიურ ვარჯიშს, თითოეული ფეხბურთელი GPS-ის დახმარებით 100% დაკვირვების ქვეშ ყავს აყვანილი ფიზიკური მომზადების მწვრთნელს, რადგან ვარჯიშის სისწრაფე და ეს ინტენსივობა 100% შეასრულოს თითოეულმა ფეხბურთელმა, რაც შეეხება ქალაქს და ესპანეთს, მიხუედავად იმისა, რომ აქ ჩამოსვლამდე ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მომიწია ცხოვრება, ვთვლი, რომ ესპანეთში თავს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ.

    – საკმაოდ ისტორიული გუნდის, რეალ ავილესის ღირსებას იცავ, რამხელა პასუხისმგებლობაა ეს შენთვის?

    – რეალ ავილესი საკმაოდ ისტორიული გუნდია და დიდი მიზნებიც აქვს. 3 წლის წინ გუნდი ახალმა პრეზიდენტმა ჩაიბარა და საკმაოდ შეცვალა გუნდში სიტუაცია და ატმოსფერო. როგორც ქალაქში საუბრობენ, ხალხს ფეხბურთი დაუბრუნა. გასულ წელს პლეი-ოფის ფინალიც ვითამაშეთ მომდევნო ლიგაში გადასასვლელი და სამწუხაროდ დავმარცხდით გრანადა B-სთან, ასევე შარშან დაიწყო ახალი ბაზის მშენებლობა/აღდგენა გუნდისთვის და აკადემიისთვის, რაც ძალიან დიდი წინგადადმული ნაბიჯია გუნდის განვითარენისთვის.

    – როგორ გრძნობ ამ გუნდში თავს?

    – გუნდში თავს კომფორტულად ვგრძნობ, რადგან გუნდის ყველაზე ახალგაზრდა წევრი ვარ. ბევრს ვსწავლობ ვეტერანი ფეხბურთელებთან ერთად  ვარჯიშის დროს, რომლებსაც ლა ლიგის გუნდებსა და ევროტურნურებზე თამაშის გამოცდილება აქვთ.

    – თანაგუნდელებს როგორ დაახასიათებდი?

    – თანაგუნდელებმა ძალიან დიდი როლი ითამაშეს იმაში, რომ ადაპტაცია ადვილად გავიარე, მიუხედავად იმისა, რომ გუნდის ერთადერთი ლეგიონერი ვარ, თავს როგორც ესპანელს, ისე მაგრძნობინებენ. ისინი ყველა სიტუაციაში ცდილობენ გვერდში დგომას. როგორც უკვე ვთქვი, ბევრს ვსწავლობ ვეტერანებისგან.

    – მთავარ მწვრთნელთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

    – რაც შეეხება მთავარ მწვრთნელს. ისე მოხდა, რომ მწვრთნელი 2 კვირის წინ შეცვალეს. ახალი მწვრთნელი მოვიდა, რომელიც წარსულში ხიხონის სპორტინგის მწვრთნელი იყო. ჯერ კიდევ ადაპტაციის პროცესში ვართ მთელი გუნდი, თუმცა ვთვლი, რომ ძალიან საინტერესო შეხედულებები აქვს ფეხბურთზე.

    – რეალ ავილესი რომელ ჩემპიონატში ასპარეზობს და რა არის თქვენი მიზანი?

    – რეალ ავილესი ესპანეთის სეგუნდა reff-ში მონაწილეობს. გუნდის მიზანი მაღალ ჩემპიონატში დაწინაურებაა. გასულ სეზონში ამის დიდი შანსი გვქონდა, ჩემპიონატი მე-2 ადგილზე დავასრულეთ და პლეი-ოფში თამაში მოგვიწია, სადაც ორი შეხვედრა უნდა ჩაგვეტარებინა, ნახევარფინალი და ფინალი. მოვახერხეთ ფინალში გასვლა და სამწუხაროდ, გრანადა B-სთან დავმარცხდით. გუნდის მიზანი დაწინაურებაა და ვთვლი, რომ ამისთვის ძალიან კარგი გუნდო გვყავს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცუდად დავიწყეთ ჩემპიონატი. 

    – კოპა დელ რეიზე მიღებული გამოცდილება გავვიზიარე…

    – რაც შეეხება კოპა დელ რეის, ვთვლი, რომ ჩემი კარიერის უმნიშველოვანესი ეტაპი იყო, რადგან ძალიან ახლოს ხარ იმ უმაღლეს ფეხბურთთან, სადაც დიდი ვარსკვლავები თამაშობენ. ძალიან მინდა, რომ მომავალ წელსაც მომეცეს ამ ტურნირზე თამაშის შესაძლებლობა.

    – რა პრინციპებს ხედავ ესპანურ ფეხბურთში?

    – რაც შეეხება ესპანურ ფეხბურთს, ვთვლი, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატია.  უმაღლესი დონის ფეხბურთელებით და ძალიან სწრაფი რიტმით, მიუხედავად იმისა, რომ იტალიაში მომიწია თამაში და ვიცოდი დაახლოებით რა სისწრაფეები იყო ევროპულ ფეხბურთში, მაინც გაოცებული დავრჩი ესპანური ფეხბურთით თითოეულ მატჩში. გამორჩეულია ყველა ფეხბურთელი ძალიან მაღალი დონის ტექნიკით და ბურთის ფლობით, მოსამზადებელ ეტაპზე ორ ისტორიულ გუნდთან, ხიხონის სპორტინგთან და რეალ ოვიედოსთან მომიწია თამაში. ვთვლი, რომ ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. 

    – არაერთ სახელგანთქმულ იტალიურ გუნდში გითამაშია, ამ პერიოდს როგორ გაიხსენებ?

    – დიახ, მომიწია იტალიაში თამაში და ვთვლი, რომ იტალიამ ბევრი რამე მასწავლა. რაც შეეხება ფიზიკურ მომზადებას, იტალიელებს უმაღლეს დონეზე აქვთ მოსამზადებელი ეტაპი. ტორინოში უბურთოდ გაგვატარეს, ძირითადი ყურადღება ფიზიკას ექცევა, ხოლო რაც შეეხება ესპანეთს, უდიდესი აქცენტი ტექნიკურ და ტაქტიკურ მხარეს ექცევა. მომიწია ტორინოსთან და მონცასთან ერთად პირველ გუნდთან რამდენიმე ვარჯიშის ჩატარება და სწორედ მაშინ მივხვდი, რას ნიშნავს პროფესიონალური ფეხბურთი.

    – საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში გატარებულ პერიოდს როგორ გაიხსენებდი…

    – რაც შეეხება ნაკრებს, არ აქვს მნიშველობა რომელ ასაკობრივ ნაკრებში მოგიწია თამაში. ვთვლი, რომ ნაკრები ყველა ფეხბურთელის ოცნებაა და უდიდესი პასუხისმგებლობაა, როდესაც ნაკრების ფორმით თამაშის ბედნიერება გაქვს. ამაზე დიდი ბედნიერება ფეხბურთელის კარიერაში არ არსებობს.

    – სად და რამდენი წლის ასაკში დაიწყე ფეხბურთზე სიარული?

    – ფეხბურთის თამაში 6 წლის ასაკში, საქართველოში, კერძოდ კი საფეხბურთო კლუბ ოლიმპში დავიწყე.

    – ვინ არის შენი მოტივაცია?

    – ჩემი ყველაზე დიდი მოტივაცია, როგორც ყველა სპორტსმენისთვის ჩემი ოჯახია, ის ადამიანები, რომლებიც ყველა სიტუაციაში ჩემს გვერდით დგანან და მამხნევებენ.

    – შენი ოცნების გუნდი?

    – რაც შეეხება ჩემი ოცნების გუნდს, იტალიაში ყოფნის დროს, მილანი იყო და მქონდა იმის ბედნიერება, რომ სან სიროზე თამაშისთვის მეყურებინა. უფრო მეტიც, ბოლ-ბოიდ მომიწია  ყოფნა. მაგრამ ვთვლი, რომ მსოფლიო ფეხვურთის ისტორიაში ყველაზე დიდი გუნდი რეალ მადრიდია, თავისი საოცარი ბერნაბეუთი.

    – რა არის შენი კარიერის მიზანი?

    – კარიერის მიზანია, რომ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვიყენო და მქონდეს იმის შესაძლებლობაც, რომ ჩემი ქვეყნის სახელითაც ვიასპარეზო.

    Facebook კომენტარები