• 14-12-2023
    “ძალიან გახარებულები ვართ, რომ ფოთი ეროვნულ ლიგაში დავაბრუნეთ” - ინტერვიუ დემეტრე გვასალიასთან
    “ძალიან გახარებულები ვართ, რომ ფოთი ეროვნულ ლიგაში დავაბრუნეთ” - ინტერვიუ დემეტრე გვასალიასთან

    როგორც მოგეხსენებათ, ფოთის “კოლხეთი” 6-წლიანი პაუზის შემდეგ უმაღლეს ლიგაში აღზევდა.

    მეგრულმა გუნდმა დიდხნიანი შრომის შემდეგ საწადელს მიაღწია. ეროვნული ლიგა 2-ის ბოლო ტურისბ დრამატულ შეხვედრაში “გარეჯის” წინააღმდეგ გადაწყდა, რომ ფოთის “კოლხეთი” კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში გადავიდოდა.

    ფოთის “კოლხეთმა” გასულ სეზონში საქართველოს თასზე ნახევარფინალში მოხვედრაც შეძლო და ქართველ გულშემატკივრებში დიდი აღტაცება გამოიწვია.

    მამუკა ჯუღელის, ზაზა ინაშვილისა და მთელი სტაფის თავდაუზოგავი შრომის წყალობით ფოთის “კოლხეთმა” წარმოუდგენელი მიზნის მიღწევა შეძლო.

    საგულისხმოა, რომ მეგრული გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, 21 წლის დემეტრე გვასალია გახლავთ. ახალგაზრდა მოთამაშემ გასულ სეზონში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა, რითაც თავისი გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა, თუმცა მისი ბრწყინვალე თამაში მხოლოდ სტატისტიკაში არ ასახულა.

    დემეტრე მთელი სეზონის განმავლობაში გამოირჩეოდა ბრწყინვალე ასპარეზობით “კოლხეთის” რიგებში. შედეგად, ახალგაზრდა მოთამაშეს შრომა დაუფასდა და საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში გამოიძახეს.

    დემეტრე გვასალიამ ფეხბურთის თამაში 6 წლის ასაკში ზვიად გვასალიასთან დაიწყო, მას შემდეგ მისი ოცნება ჩემპიონთა ლიგაზე თამაში და თავის ქვეყანასთან ერთად ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა გახლავთ.

    დემეტრე გვასალია ნამდვილად არის ის ერთ-ერთი უნიჭიერესი ახალგაზრდა, რომელსაც მომავალში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობის შესაძლებლობა უნდა მიეცეს.

    Footballnews.ge 21 წლის მოთამაშეს დაუკავშირდა და მასთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა:

    – სეზონი დასრულდა, როგორ გრძნობ თავს ფიზიკურად?

    – რთული და გრძელი სეზონი გამოვიდა დატვირთული კალენდარით, ვისვენებ და ვცდილობ აღვიდგინო ძალები.

    – ფოთის კოლხეთი ეროვნულ ლიგაში 6 წლიანი პაუზის შემდეგ გადავიდა, რას ნიშნავს ეს ყველაფერი თქვენთვის?

    – ეს ისტორიული კლუბი რაღაც მიზეზების გამო დიდი ხნის მანძილზე არ იყო უმაღლეს ლიგაში, ჩვენ დავაბრუნეთ და ძალიან გახარებულები ვართ მიღწეული შედეგით.

    – როგორ შეაფასებ გარეჯთან გამართულ შეხვედრას?

    – ძლიერი მეტოქე იყო. ფსიქოლოგიურად უპირატესობა ჩვენ გვქონდა, მონდომებითაც ვაჯობეთ მეტოქეს და დაგვიფასდა შრომა. 

    – დათა სიჭინავას გოლს როგორ შეაფასებ?

    – სიჭინავა საქართველოს ისტორიაში საუკეთესო სტანდარტულების შემსრულებელია, თამამად შემიძლია ამის თქმა.

    – რა მოხდა გასახდელში გარეჯთან მატჩის შემდეგ, გაგვიზიარე შენი ემოციები…

    – გასახდელში საოცარი სიტუაცია იყო ასეთი გახარებული პირველად ვიყავი.

    – ელოდით თუ არა სეზონის დაწყებამდე ამ შედეგს?

    – ჩვენი გუნდი ძლიერი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. შეიძლება ვიღაც-ვიღაცეებს ეჭვი ეპარებოდათ, მაგრამ ჩვენ გვჯეროდა, რომ ამას შევძლებდით. 

    – გასულ სეზონში 34 შეხვედრა ჩაატარე ეროვნულ ლიგა 2-ში, როგორ შეაფასებდი შენს სეზონს?

    – კოლხეთში მესამე წელია ვარ, თუმცა თავის გამოჩენის საშუალება მხოლოდ წლევანდელ სეზონში მომეცა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი დავით კვირკველიას. შემეძლო სტატისტიკურად უკეთესი ვყოფილიყავი, თუმცა ვფიქრობ ჩემს გუნდს ჩემი თამაშით დავეხმარე მიზნის მიღწევაში.

    – დავით კვირკველიას როგორ დაახასიათებდი?

    – მაგარი მწვრთნელია. თითქოს ზუსტად იცის რას ფიქრობს ფეხბურთელი, ამავდროულად ძალიან კარგი ადამიანია.

    – მამუკა ჯუღელისა და ზაზა ინაშვილის წვლილს ფოთის წარმატებაში როგორ შეაფასებდი?

    – ბ-ნი მამუკა ყველანაირად დაგვეხმარა მისი წვლილი ძალიან დიდია ამ წარმატებაში. ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ზაზა ინაშვილს, რომელმაც ჩვენს წარმატებაში დიდი წვლილი იქონია.

    – 21-წლამდე ნაკრების ღირსებას იცავ, რამდენ დიდი მოტივაციაა ეს ფაქტი შენთვის?

    – მართალია ნაკრებში თავის გამოჩენის საშუალება ჯერ არ მომცემია, თუმცა ვგრძნობ პასუხისმგებლობას. საოცარი გრძნობაა, როცა შენი ქვეყნის სახელით გადიხარ მინდორზე სათამაშოდ. 

    – სად და რამდენი წლის ასაკში დაიწყე ფეხბურთის თამაში?

    – პირველად 6 წლის ასაკში კოლხეთში ზვიად გვასალიასთან დავიწყე ფეხბურთის თამაში.

    – ფოთის კოლხეთის გულშემატკივრებზე რას იტყოდი?

    – საოცარი ხალხია, მაგრად უყვართ ფეხბურთიც და კოლხეთიც, რისთვისაც თითოეული ფეხბურთელი მადლობელია.
    – ფოთის კოლხეთმა ორ წელში მოახერხა ლიგა 3-იდან უმაღლეს ლიგაში ასვლა, როგორ ფიქრობ რისი წყალობით მოხერხდა ეს ყველაფერი?

    – სწორი მუშაობითა და შრომით. საქმისადმი პროფესიონალური მიდგომით, როგორც ფეხბურთელების, ასევე კლუბში მომუშავე თითოეული პერსონალის წყალობით მოხდა ეს ყველაფერი. 

    – ვინ არის შენი მოტივაცია?

    – მოტივაციას ყოველთვის ჩემი თავი მაძლევს. მინდა, რომ ყოველდღე ჩემი თავის უკეთესი ვერსია ვანახო ყოველდღე რაღაც განვავითარო. 

    – ვინ არის შენი კუმირი?

    – ჩემი კუმირი არის მამაჩემი, რომელიც საოცარი ადამიანია.

    – შენი ოცნების გუნდი?

    – ჩემი ოცნების გუნდი კატალონიის ბარსელონაა ბავშვობიდან.

    – რა არის შენი კარიერის მიზანი?

    – ჩემი კარიერის მიზანი და ოცნებაა ჩემპიონთა ლიგაზე თამაში და ჩემი ქვეყნის სახელით ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ჩატარება.

    Facebook კომენტარები