• 24-12-2023
    "დორტმუნდში" მონასტერი აირია - როისი ტერზიჩის წინააღმდეგ
    "დორტმუნდში" მონასტერი აირია - როისი ტერზიჩის წინააღმდეგ

    დორტმუნდის "ბორუსიაში" მონასტერი აირია. გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მარკო როისი და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი გუნდის მთავარ მწვრთნელს, ედინ ტერზიჩს ღიად აუმხედრდა. "შავ-ყვითლების" ბოლოდროინდელი ფორმაც ამის გამოძახილია - მათ 6 მატჩია არ მოუგიათ, კლუბის შიგნით კი თავკაცის გათავისუფლებაზე დაიწყეს საუბარი.

    მიუხედავად ამისა, "ბორუსიას" აღმასრულებელი დირექტორი, ჰანს-იოახიმ ვატცკე ჯერ კიდევ ტერზიჩს უმაგრებს ზურგს. კლუბის ბოსებმა გადაწყვიტეს, ედინს ენდონ, ეს კი როისსა და სხვა ამბოხებულებს მეტად უხერხულ მდგომარეობაში აყენებს,

    BILD-ის ცნობით, 34 წლის ნახევარმცველის "მაინცთან" მატჩში, სათადარიგოთა სკამზე დასმა ტერზიჩის მიერ განხორციელებული სადამსჯელო ღონისძიება იყო. ვეტერანი გერმანელი შეიძლება სარეზერვო გუნდშიც კი დააქვეითონ, ან საერთოდ ტრიბუნაზე გაუშვან.

    ევრო 2024-ზე წასვლის მოსურნე როისისთვის, რომელმაც "დორტმუნდთან" კონტრაქტი კიდევ 1 წლით სულ ცოტა ხნის წინ გაახანგრძლივა, ეს უდიდესი დარტყმა იქნება.

    ყველაზე უცნაური ის გახლავთ, რომ მარკო და ტერზიჩი ძველი მეგობრები არიან. მათ აგენტიც კი საერთო ჰყავთ. ზამთრის შესვენება დაპირისპირებულმა მხარეებმა კონფლიქტის ამოწურვისთვის უნდა გამოიყენონ. სხვა შემთხვევაში, "ბორუსიას" წარმატებული სეზონი ნამდვილად არ ელოდება.

    შეგახსენებთ, რომ "შავ-ყვითლები" ბუნდესლიგის ცხრილში მე-5 პოზიციაზე არიან, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში კი "პსვ-ს" უნდა შეხვდნენ.

    Facebook კომენტარები