• 01-04-2022
    "გავუშვათ ისინი მარიუპოლში" - უკრაინელები ფიფაზე ბრაზობენ
    "გავუშვათ ისინი მარიუპოლში" - უკრაინელები ფიფაზე ბრაზობენ
    Aa

    მთელი მსოფლიო ელოდა, რომ დოჰაში ჩატარებულ ფიფას კონგრესზე ორგანიზაციიდან რუსეთის გარიცხვის გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, თუმცა მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ ეს სახელმწიფო არა თუ გარიცხა, არამედ რუსულ ენას ოფიციალური ენის სტატუსიც მიანიჭა.


    ფიფას თავისმომჭრელი ქმედებები ამით არ დასრულებულა - მათ უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტ ანდრეი პაველკოს ვიდეოჩართვისას არ მისცეს უფლება, რომ კადრებში განადგურებული ხარკოვი და მარიუპოლი გამოჩენილიყვნენ.


    ბუნებრივია, ამ ყველაფერს უკრაინაში ძალიან მძაფრი გამოხმაურება მოჰყვა. მაგალითად, დონეცკის "შახტარის" გენერალურმა დირექტორმა სერგეი პალკინმა შემდეგი რამ განაცხადა:


    "მაშინ, როცა მთელი მსოფლიო რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებს, ფიფამ აგრესორის გარიცხვა არ ისურვა. ეს გასაკვირია და არც საღ აზრს ექვემდებარება. ალბათ, როდესაც ისინი ფიფას ოფისში სხედან და ფანჯრიდან ჟენევის ტბას გასცქერიან, სხვა სურათს ხედავენ. უკეთესი ხომ არ იქნებოდა, ეს ხალხი ხარკოვსა და მარიუპოლში გაგვეშვა, რათა უკეთ გარკვეულიყვნენ?"


    არ გაგიკვირდებათ იმის გაგებაც, რომ ფიფას გადაწყვეტილებას რუსეთში ზეიმით შეხვდნენ, რაზეც რუსეთის სპორტის მინისტრ ოლეგ მატიცინის განცხადება შესანიშნავად მეტყველებს:

    "სიმართლე გითხრათ, მაკვირვებს ის ფაქტი, რომ რუსულ ენას ოფიციალური სტატუსი აქამდე არ ჰქონდა. მიუხედავად ამისა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. სიგნალი პოზიტიურია. ეს ნიშნავს, რომ ფიფას რუსული ფეხბურთის მაღალი მნიშვნელობა ესმის, ეს კი მალე ყველა სანქციის მოხსნით გაგრძელდება."


    შეგახსენებთ, რომ ფიფამ რუსული გუნდები და ნაკრებები ყველა საერთაშორისო ტურნირიდან მოხსნა, თუმცა დაწყებული საქმე ბოლომდე მაინც არ მიიყვანა, რაც ძალიან სამწუხაროა.

    Facebook კომენტარები