• 26-01-2024
    ესპანეთის თასზე ნახევარფინალური წყვილები გაირკვა
    ესპანეთის თასზე ნახევარფინალური წყვილები გაირკვა
    Author of the article
    Aa

    ესპანეთის სამეფო თასზე დღეს ნახევარფინალური წყვილები გაირკვა. წილისყრის შედეგებმა ცხადყო, რომ მადრიდის "ატლეტიკო" ბილბაოს "ატლეტიკს" დაუპირისპირდება, "რეალ სოსიედადი" კი "მალიორკასთან" გაარკვევს ურთიერთობას.

    "ატლეტიკომ" ნახევარფინალის საგზური წუხელ, მემფის დეპაის მიერ "სევილიას" კარში 79-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით მოიპოვა. რაც შეეხება ბასკებს, მათ "ბარსელონას" მოუგეს 120-წუთიან თრილერში, ანგარიშით 4:2.

    დიეგო სიმეონეს გუნდი, რომელსაც კოპა დელ რეი 2013 წლის შემდეგ არ მოუგია, ტურნირის 23-გზის ტრიუმფატორს 7 თებერვალს უმასპინძლებს. განმეორებითი მატჩი "სან მამესზე", 29 თებერვალს შედგება.

    "ჩვენ იმ გუნდის წინააღმდეგ ვითამაშებთ, რომელიც ტიტულების მოსაგებადაა შეიარაღებული.

    რთული იქნება. ჩვენს ფანებს ექნებათ შესაძლებლობა, განმეორებითი მატჩი საშინაო ტრიბუნებზე იხილონ, სადაც ჩვენ ძლიერები ვართ," - თქვა "ატლეტიკის" ნახევარმცველმა, ანდერ ერერამ.

    რაც შეეხებათ "რეალ სოსიედადსა" და "მალიორკას", პირველმა მეოთხედფინალში ვიგოს "სელტა" გააგდო (2:1), მეორემ კი ლა ლიგის მეორეადგილოსანი, "ჟირონა" გამოთიშა გათამაშებას (3:2). მათი შეხვედრები 6 და 28 თებერვალსაა დაგეგმილი.

    კოპა დელ რეის ფინალი 6 აპრილს, სევილიაში გაიმართება.

    Facebook კომენტარები