• 30-01-2024
    ლევანდოვსკიმ ჩავის გადაწყვეტილება პირად მარცხად მიიღო
    ლევანდოვსკიმ ჩავის გადაწყვეტილება პირად მარცხად მიიღო
    Author of the article
    Aa

    რობერტ ლევანდოვსკიზე ჩავის გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილებამ ძალიან იმოქმედა, - იუწყება Mundo Deportivo. წყაროს თანახმად, პოლონელი თავდამსხმელი "ბარსელონას" ჯერ კიდევ მოქმედი თავკაცის ამ არჩევანს პირად მარცხად მიიჩნევს.

    35 წლის თავდამსხმელმა კვირას "მაესტროს" სთხოვა, რომ გადაწყვეტილებაზე კიდევ ერთხელ დაფიქრებულიყო. ჩავიმ მას მადლობა გადაუხადა, თუმცა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ პოზიციას არ შეიცვლის.

    როგორც ირკვევა, რობერტს ერთი მცდელობა გუშინაც ჰქონდა.

    პოლონელი "მაესტროს" პირადად გაესაუბრა და თავისი წუხილი კიდევ ერთხელ გამოხატა. რობერტმა ჩავის ისიც აუხსნა, რომ შექმნილ სიტუაციაზე მთავარი პასუხისმგებლობა ფეხბურთელებს ეკისრებათ, რომლებმაც გასულ სეზონში ნაჩვენები ფორმა ვერ შეინარჩუნეს და იმაზე გაცილებით ცუდად თამაშობენ, ვიდრე შეუძლიათ.

    ამის შემდეგ ლევანდოვსკიმ "ბარსას" მთელი შემადგენლობა საკუთარ სახლში, სადილზე შეკრიბა (სამწვრთნელო შტაბის გარეშე).

    "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ცხრიანი სეზონის დარჩენილ ნაწილზე ამყარებს იმედს და სურს, რომ გუნდი ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მატჩებს ერთიანი სულისკვეთებით შეხვდეს. შესაძლოა, პოლონელი იმასაც ფიქრობდეს, რომ რომელიმე დიდი ტურნირის მოგება ჩავის აზრს შეაცვლევინებს და გუნდში დატოვებს, თუმცა ეს თითქმის გამორიცხულია.

    Facebook კომენტარები