

ნიდერლანდების ეროვნულმა ნაკრებმა A ჯგუფი მარცხის გარეშე, პირველი ადგილით დაასრულა - ჯერ სენეგალის ნაკრებს სძლია, შემდეგ ეკვადორს დაუზავდა, ხოლო ბოლო შეხვედრაში მასპინძელი კატარი დაამარცხა.
კატართან წარმატებული მატჩის შემდეგ ნიდერლანდელთა თავკაცმა ლუის ვან გაალმა მედიის კითხვებს უპასუხა:
"გავაკეთეთ ის, რაც გვჭირდებოდა და ჯგუფი პირველი ადგილით დავასრულეთ. ბურთთან ერთად უფრო კონცენტრირებული ვიყავით და 2 გოლის გატანაც მოვახერხეთ.
მემფის დეპაი გუნდისთვის წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი ფიგურაა, არ დაგავიწყდეთ, რომ 2 თვეა არ უთამაშია. გვინდა, რომ მსოფლიო ჩემპიონები გავხდეთ და ამისთვის მემფისის საუკეთესო ვერსია დაგვჭირდება."
ამის შემდეგ, ვან გაალს ჟურნალისტი შეეპასუხა და აღნიშნა, რომ ნიდერლანდელების თამაშის ხარისხი არც თუ ისე საამაყოა, რაზეც ლუისისგან მწვავე პასუხი მიიღო:
"არ გეთანხმებით, რომ ასეა. ეს თქვენი აზრია, თუმცა ვფიქრობ, სიმართლეს არ შეესაბამება. ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც თქვენ აღწერთ, ხოლო ამ თემის გაგრძელებას არ ვგეგმავ, რადგან თქვენ ფეხბურთზე განსხვავებული წარმოდგენა გაქვთ", - უპასუხა ვან გაალმა.