• 15-02-2024
    ტუხელი: "ლაციოს" კი არ მოუგია, ჩვენ წავაგეთ"
    ტუხელი: "ლაციოს" კი არ მოუგია, ჩვენ წავაგეთ"

    მიუნხენის "ბაიერნში" კრიზისი ღრმავდება. "რეკორდმაისტერმა" გუშინ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩი ჩაატარა და რომში "ლაციოსთან" დამარცხდა, ანგარიშით 0:1.

    გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე შეხვედრის ბედი 67-ე წუთზე გადაწყდა, როცა "ბაიერნის" ფრანგმა მცველმა, დაიოტ უპამეკანომ საკუთარ საჯარიმოში იუხეშა და წითელი ბარათი მიიღო, დანიშნული პენალტი კი გოლად ჩირო იმობილემ გარდასახა. დარჩენილ დროში "არწივებს" სხვაობის გაზრდის შანსიც ჰქონდათ, თუმცა, საბოლოოდ, ერთბურთიანი უპირატესობით მოუწიათ დაკმაყოფილება.

    "სტადიო ოლიმპიკოზე" წაგებული დაპირისპირება ბავარიელთა მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა შეაფასა.

    "პირველ ტაიმში წინ უნდა გავსულიყავით. სამი რეალური შანსი გვქონდა. ეს უნდა გაგვეკეთებინა.

    ბევრი ინდივიდუალური შეცდომა დავუშვით. წითელი ბარათი და პენალტი კი აბსოლუტურად არაფრიდან მივიღეთ. ამ თამაშით ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა დავმარცხებულიყავით.

    გაბრაზებულები ვართ. ვფიქრობ, რომ ჩვენ თამაში წავაგეთ, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ "ლაციომ" მოიგო. შესვენებაზე გუნდს ვუთხარი, რომ ინტენსივობა შეგვენარჩუნებინა და წინ უფრო გაბედულები ვყოფილიყავით, მეორე ტაიმის სტარტზე კი სახე დავკარგეთ.

    ვგრძნობ თუ არა თანამდებობის დაკარგვის საფრთხეს? არა," - თქვა ტუხელმა.

    გერმანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თომასს ახლა არ გაუშვებენ. კვირას, "ბოხუმის" წინააღმდეგ "ბაიერნს" მოედანზე კვლავ ის გაიყვანს, თუმცა თუ მიუნხენელებს იქაც დაუცდებათ ფეხი, ტუხელთან დამშვიდობება შეიძლება გარდაუვალი გახდეს.

    აქვე შეგახსენებთ, რომ "ლაციალესა" და "რეკორდმაისტერის" განმეორებითი ჯახი 5 მარტს შედგება.

    Facebook კომენტარები