• 08-03-2024
    "გრძელ პასებზე მეკარე მასწრებდა" - ბრობი დიბუს ვერ გაუმკლავდა
    "გრძელ პასებზე მეკარე მასწრებდა" - ბრობი დიბუს ვერ გაუმკლავდა
    ავტორი
    Aa

    კონფერენს ლიგის მერვედფინალური ეტაპის ერთ-ერთ ცენტრალურ დაპირისპირებად თავიდანვე შეირაცხა ამსტერდამის "აიაქსისა" და ბირმინგემის "ასტონ ვილას" ჯახი, რომლის პირველი ნაწილიც გუშინ ვიხილეთ.

    მიუხედავად იმისა, რომ მატჩი ნულოვანი ფრით დასრულდა, გულშემატკივარი იმედგაცრუებული არ უნდა დარჩენილიყო. გუნდებმა ინტენსიური ფეხბურთი შემოგვთავაზეს, ვნახეთ ბევრი საგოლე მომენტი და ორი წითელი ბარათი - 83-ე წუთზე სტუმრებს ეზრი კონსა გაუძევეს, 86-ე წუთზე კი ტრისტან გუნიერის გაგდებამ აღადგინა რიცხობრივი თანასწორობა.

    შეხვედრის დასრულების მერე პრესასთან კომენტარი "აიაქსის" ცენტრფორვარდმა, ბრაიან ბრობიმ გააკეთა. ნიდერლანდელმა აღნიშნა, რომ "ვილანების" ტაქტიკამ საქმე ძალიან გაურთულა.

    "ვფიქრობ, ბევრი სპრინტის გაკეთება მომიწია. ყოველ ჯერზე, როცა გრძელ პასს ვაკეთებდით, მეკარე მასწრებდა.

    შეხვედრა ჩემთვის საკმაოდ ძნელი გამოვიდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაინც კარგად ვითამაშე. "ვილას" დაცვის ხაზი ძალიან მაღლა, ლამის მოედნის ცენტრამდე ჰქონდა ამოწეული," - თქვა 22 წლის შემტევმა.

    პირველი მატჩის შედეგმა მხოლოდ ის ცხადყო, რომ ყველაფერი "ვილა პარკზე" გადაწყდება. განმეორებითი შეხვედრა 14 მარტსაა ჩანიშნული.

    Facebook კომენტარები