• 11-03-2024
    მოურინიო: "საშუალება რომ მქონდეს, მუშაობას ხვალიდანვე დავიწყებდი"
    მოურინიო: "საშუალება რომ მქონდეს, მუშაობას ხვალიდანვე დავიწყებდი"
    Author of the article
    Aa

    სულ რამდენიმე დღეში ორი თვე შესრულდება მას შემდეგ, რაც იტალიურმა "რომამ" ჟოზე მოურინიო მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. დანიელე დე როსის ჩაბარებული "ჯალაროსი" მატჩს მატჩზე იგებს და შესანიშნავად გამოიყურება, პორტუგალიელი სპეციალისტის მომავალი კი ჯერჯერობით ბუნდოვანია.

    გასულ უქმეებზე "განსაკუთრებული" საუდის არაბეთს ეწვია და ფორმულა 1-ის გრან პრის დაესწრო. სამომავლო გეგმების შესახებ მოურინიო იქ Sky Sports-ს გაესაუბრა.

    "მალე დავუბრუნდები თუ არა მწვრთნელობას? იმედი მაქვს. მინდა, რომ გუნდი გავწვრთნა.

    "რომაში" გატარებული დრო შესანიშნავი იყო. ორ სეზონში ჩვენ ორჯერ გავედით ევროტურნირის ფინალში. გააკეთო ეს ისეთ გუნდში, რომელსაც აქამდე მსგავსი რამისთვის არასდროს მიუღწევია, ძალიან რთულია.

    მიუხედავად ამისა, ახლა სწორ შესაძლებლობას უნდა დაველოდო. შესაძლებელი რომ იყოს, ხვალიდანვე დავიწყებდი მუშაობას, მაგრამ მცდარი გადაწყვეტილების მიღება არ მინდა," - თქვა ჟოზემ.

    უკანასკნელი გუნდი, რომელსაც მოურინიო დაუკავშირეს ლონდონის "ჩელსია". "არისტოკრატების" გულშემატკივრებმა "ბრენტფორდთან" ფრედ დასრულებულ მატჩში 61 წლის სპეციალისტის გვარის სკანდირებაც მოასწრეს, თუმცა ძნელი სათქმელია, რამდენად ისურვებს ჟოზე ერთ მდინარეში მესამედ შესვლას.

    Facebook კომენტარები