• 19-03-2024
    საქართველოს ნაკრების სავარაუდო XI ლუქსემბურგთან მატჩისთვის
    საქართველოს ნაკრების სავარაუდო XI ლუქსემბურგთან მატჩისთვის
    Author of the article
    Aa

    საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებ გუნდთა დაპირისპირებამდე ორი დღეღა რჩება. "ჯვაროსნები" ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალურ დაპირისპირებას თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით ხვდებიან. ერთადერთი დანაკლისი (იმ ფეხბურთელთა გარდა, რომელიც ვილი სანიოლმა სხვადასხვა მიზეზების გამო არ გამოიძახა) დისკვალიფიცირებული ხვიჩა კვარაცხელია. ცხადია, "ნაპოლის" ვარსკვლავის არყოფნა უზარმაზარი დარტყმაა, თუმცა ეს რომ ასე იქნებოდა, უკვე 5 თვეა ვიცით, ამიტომ სამწვრთნელო შტაბს რაიმე მოფიქრებული აუცილებლად უნდა ჰქონდეს.

    დიდი ალბათობით, სანიოლი თავისთვის ჩვეულ 3-5-2 განლაგებას არ შეცვლის. ბოლო შემთხვევა, როცა ვილიმ ამ სქემას უღალატა, ესპანეთთან გამანადგურებელი მარცხით დასრულდა, ამიტომ ექსპერიმენტებს არ უნდა ველოდოთ. აქედან გამომდინარე, ჩვენი ვერსიით, ლუქსემბურგის წინააღმდეგ "ჯვაროსანთა" სასტარტო თერთმეტეული ასეთი იქნება:

    მეკარე: გიორგი მამარდაშვილი

    დაცვა: ლუკა ლოჩოშვილი, გურამ კაშია, საბა კვირკველია

    ნახევარდაცვა: ლევან შენგელია, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ქოჩორაშვილი, ოთარ კაკაბაძე

    თავდასხმა: ბუდუ ზივზივაძე, ჟორჟ მიქაუტაძე

    შესაძლოა, ბევრი ძირითად შემადგენლობაში ელოდეს ნაკრებში ახლად დაბრუნებულ ჯაბა კანკავასაც, თუმცა ჩვენ მივიჩნევთ, რომ ვეტერანი შუახაზელი თამაშს სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს. სათადარიგოთა სკამიდან გააძლიერებს გუნდს ზურიკო დავითაშვილიც, რომელსაც ზეგ სანიოლისთვის ჯოკრის როლი ექნება შესასრულებელი. ასევე შესაძლებელი გახლდათ დაცვაში "აპოელის" უკანახაზელის, ლაშა დვალის განმწესებაც.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებებთა დაპირისპირება ხუთშაბათს, თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები