• 20-03-2024
    როგორ დასრულდება ლუქსემბურგთან ისტორიული მატჩი - 3 სცენარი
    როგორ დასრულდება ლუქსემბურგთან ისტორიული მატჩი - 3 სცენარი
    Author of the article
    Aa

    საქართველოსა და ლუქსემბურგის ისტორიულ მატჩამდე, რომელმაც ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის პლეი ოფის პირველი ფინალისტი უნდა გაარკვიოს, 24 საათზე ნაკლები რჩება, მღელვარება კი უფრო და უფრო იმატებს. ქართული ფეხბურთის ყველა ქომაგის გონებაში ახლა "დინამო არენა" და მასზე გასამართი შეხვედრა ტრიალებს - შეკითხვამ, თუ რა სცენარით წარიმართება ვილი სანიოლისა და ლუკ ჰოლცის გუნდების დაპირისპირება, კიდევ ცოტა ხნით უნდა გაგვაწვალოს.

    ვინაიდან მარცხის წარმოდგენა კარგს არაფერს მოგვიტანს, შემოგთავაზებთ 3 სავარაუდო გზას, რომლითაც შეიძლება ხვალინდელმა ჯახმა აიღოს გეზი. რომელი მათგანი იქნება თქვენთვის უფრო სასურველი, ეს თავად გადაწყვიტეთ.

    სცენარი პირველი: სწრაფი გოლი, ფეერიული ფეხბურთი და მარტივი გამარჯვება 

    სწრაფ გოლს რომ მატჩში გადამწყვეტი როლის თამაში შეუძლია, ამაზე საუბარიც ზედმეტია. მართალია, ლუქსემბურგის ნაკრებს ბურთის კონტროლი ძალიან უყვარს და მათგან საკუთარ საჯარიმოში გამოკეტვას არ უნდა ველოდოთ, თუმცა რაც მალე აღმოჩნდებიან ისინი მდევრის როლში, მით უფრო გაუადვილდებათ საქმე ქართველ ფეხბურთელებს. ლუქსემბურგთათვის სასურველი სცენარი მათ მიერ თამაშზე კონტროლის დაწესება და მასპინძელთა შეცდომის ლოდინი უნდა იყოს, უმალ გაშვებული გოლი კი მათ მთელ ამ გეგმას წყალში ჩაუყრით. ცხადია, სტარტზევე დაწინაურება გაზრდის იმის შანსს, რომ "ჯვაროსნები" 1-ზე მეტი გოლის გატანას შეძლებენ, შეტევაში დასამახსოვრებელ მომენტებს შემოგვთავაზებენ და შედარებით იოლ გამარჯვებასაც მიაღწევენ.

    სცენარი ორი: დაძაბული დუელი და დამატებით დროში გატეხილი ლუქსემბურგი

    სასტარტო სასტვენიდან მალევე გატანილი გოლი სწორედ იმიტომაა ფასეული, რომ ეს იშვიათად ხდება და როცა არ ხდება, არც მაშინ წარმოადგენს ტრაგედიას. თუ გუნდები საწყის წუთებს ერთმანეთის დაზვერვას მოანდომებენ, ცხადია, ეს მატჩის მიმდინარეობას უფრო დაძაბულს, თამაშს კი ჩაკეტილს გახდის. ფეხბურთელებიც და ქომაგებიც მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ თამაშის ბედის გადაწყვეტა 90 წუთში ვერ მოესწროს. ექსტრატაიმებში წნეხის გაზრდა იქნება საჭირო - ლუქსემბურგელი ფეხბურთელები 55 ათასი ქომაგის წინაშე თამაშს მიჩვეულები ნამდვილად არ არიან და თუ ამან თავიდანვე ვერ მოახდინა მათზე შოკური ეფექტი, თავდაუზოგავმა ქომაგობამ შედეგი დამატებულ დროში მაინც შეიძლება გამოიღოს. მართალია, ასეთ დროს გუნდები შეტევასა და გარისკვას ერიდებიან ხოლმე, მაგრამ თუ მეტოქე ასე იფიქრებს, ამის ჩვენს სასარგებლოდ გამოყენება თავისუფლად იქნება შესაძლებელი. გავიხსენოთ ისიც, რომ ლუქსემბურგს საკადრო პრობლემები უხვად აქვს. დროის გასვლასთან ერთად ამან თავი აუცილებლად უნდა იჩინოს.

    სცენარი სამი: პენალტების სერია და ნერვების ომი

    არავის უყვარს პენალტების სერია თავისი გუნდის მონაწილეობით, მაგრამ როცა 120 წუთი მოგებულს ვერ არკვევს, სხვა გზა არ რჩება. თერთმეტმეტრიანების სერიაში იმედიანად ყოფნის საფუძველი ნამდვილად გვაქვს: გიორგი მამარდაშვილი ნაკრებში "ვილიარეალის" წინააღმდეგ მოგერიებული პენალტით მოდის და ბოლო პერიოდში ამ კომპონენტში შესამჩნევად აქვს მომატებული. უკანასკნელ კვირებში ვნახეთ გიორგი მიქაუტაძისა და ოთარ კიტეიშვილის გატანილი პენალტები. გავიხსენოთ ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მეოთხედფინალში, ისრაელთან გათამაშებული პენალტების სერია, რომელიც დავთმეთ, თუმცა ზურიკო დავითაშვილმა დარტყმა ჩინებულად შეასრულა. განაცხადში სხვა შტატიან პენალტისტებსაც ვხვდებით: ნიკა კვეკვესკირს, გიორგი გველესიანს... 


    ასეა თუ ისე, გვახსოვდეს ისიც, რომ პლეი ოფის ფინალი ამ მატჩიდან 5 დღეშია ჩანიშნული, ამიტომ 120-წუთიანი ბატალია (პენალტების სერიისა თუ მის გარეშე) ყველაზე ნაკლებად სასურველი უნდა იყოს, თუმცა მთავარი მაინც საბოლოო შედეგია - ხვალ გამარჯვებულები "ჯვაროსნები" უნდა დარჩნენ, გამარჯვებამდე გასავლელ გზას კი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ მიენიჭება.

    Facebook კომენტარები