• 22-03-2024
    "თამაშის ამ მონაკვეთით უკმაყოფილო ვარ" - სანიოლი ლუქსემბურგთან მოგების მერე
    "თამაშის ამ მონაკვეთით უკმაყოფილო ვარ" - სანიოლი ლუქსემბურგთან მოგების მერე
    Author of the article
    Aa

    ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ნახევარფინალურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგის ეროვნულ გუნდს მოუგო, ანგარიშით 2:0.

    ორივე გოლი "ჯვაროსნების" 30 წლის თავდამსხმელის, ბუდუ ზივზივაძის ანგარიშზეა. "კარლსრუეს" ცენტრფორვარდმა თავი მე-40 და 63-ე წუთებზე გამოიჩინა, გოლებს შორის პერიოდში ლუქსემბურგელებს მაქსიმ შანო ბოლო იმედის ჯარიმის გამო გაუძევეს.

    უმნიშვნელოვანეს გამარჯვებაზე ქართველთა ფრანგმა თავკაცმა, ვილი სანიოლმა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

    „პირველ ტაიმში თამაშს ვაკონტროლებდით. ერთი საათის შემდეგ ცოტა ავიჭერით, მაგრამ ამ მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საერთო ჯამში, შედეგი მაკმაყოფილებს.

    მეორე ტაიმის გადამწყვეტ მომენტზე ვიტყვი, რომ ეს რთული ეპიზოდი იყო. მაგრამ მთავარი ისაა, რომ მსაჯმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და გოლი არ ჩათვალა. 

    ბოლო 30 წუთით ჩვენი თამაშით კმაყოფილი არ ვიყავი. მაგრამ ამის გამო არ დავსჯილვართ. ფინალში ამ ხარვეზების გამოსწორება აუცილებლად მოგვიწევს, რადგან თბილისში ნებისმიერი გუნდი უდიდესი მოტივაციით ჩამოვა.

    ვის ვისურვებდი ფინალში, საბერძნეთს თუ ყაზახეთს? ჩემს აზრს ამაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ხვიჩა კვარაცხელია დაგვიბრუნდება და იმედია, იმას გააკეთებს, რაც შეუძლია და რასაც მისგან ველოდებით. სხვა ცვლილებებიც არ გამოვრიცხოთ" - თქვა ვილიმ.

    შეგახსენებთ, რომ ფინალი 26 მარტს, "დინამო არენაზე" ჩატარდება. უდიდესი ალბათობით, ქართველთა მეტოქე საბერძნეთის ნაკრები იქნება, რადგან ელადელები ნახევარფინალურ მატჩს ახლა ატარებენ და ყაზახებს გამანადგურებელი სხვაობით ამარცხებენ.

    Facebook კომენტარები