• 11-04-2024
    პრემიერ ლიგაში ცვლილებებია - თამაშგარის ახალი ტექნოლოგია
    პრემიერ ლიგაში ცვლილებებია - თამაშგარის ახალი ტექნოლოგია

    2024/25 წლების სეზონიდან პრემიერ ლიგა ნახევრად ავტომატიზირებულ თამაშგარის ტექნოლოგიას გამოიყენებს.

    პრემიერ ლიგის მიერ ხუთშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში, კლუბებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ცვლილებას და, სავარაუდოდ, სისტემა გამოსაყენებლად მზად შემოდგომის ერთ-ერთი სანაკრებო პაუზის შემდეგ იქნება.

    განცხადებაში ნათქვამია:“ტექნოლოგია უზრუნველყოფს ვირტუალური თამაშგარის ხაზის უფრო სწრაფ და თანმიმდევრულ განთავსებას, რომელიც დაფუძნებული იქნება მოთამაშის ოპტიკურ თვალის დევნებაზე. სისტემა გამოიმუშავებს მაღალი ხარისხის სამაუწყებლო გრაფიკას, როგორც სტადიონზე, ასევე ტელევიზორთან შეკრებილი მაყურებლისთვის“.

    პრემიერ ლიგას სჯერა, რომ ნახევრად ავტომატური ტექნოლოგია 31 წამს დაზოგავს ყოველ გადაწყვეტილებაზე. ასევე არსებობს იმედი, რომ ის დაასრულებს შემთხვევებს, როცა თამაში გრძელდება შესაძლო თამაშგარეშე მდგომარეობის შემდეგ, იქამდე, სანამ შეტევა არ დასრულდება, რაც არაერთხელ გამხდარა მოთამაშეთა გაღიზიანების მიზეზი.

    ზემოთხსენებული ტექნოლოგია ყატარში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც იქნა გამოყენებული. იმ დროს იგი აღწერილი იყო, როგორც VAR ტექნოლოგიის ბუნებრივი გაფართოება.

    სისტემა გამოიყენებს სტადიონის თავზე განთავსებულ კამერებს, რომლებსაც შეუძლიათ თვალი ადევნონ ბურთის მოძრაობასა და კიდევ 29 სხვადასხვა მონაცემს, მათ შორის კიდურების ანალიზით თითოეული მოთამაშის ზუსტი პოზიციის გამოთვლა მოედანზე. დამხმარე მსაჯები ატარებენ ყურსასმენს, რომელიც გამოყენებული იქნება იმის სათქმელად, ნახევრად ავტომატიზებულმა ტექნოლოგიამ დაადგინა თუ არა თამაშგარე დარღვევა, რაც მათ საშუალებას მისცემს დაუყოვნებლივ აღმართონ ალამი.

    მათ სლეიტერისა და ედ მაკაის თქმით, ლიგა VAR-ის დღევანდელ ფუნქციასაც შეინარჩუნებს, როგორც სათადარიგო ვარიანტს ისეთი შემთხვევებისთვის, სადაც მრავალი ფეხბურთელის ერთად ყოფნის დროს მთლიანი სურათის წაკითხვა სისტემას გაუჭირდება.

    აქვე შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის 2024/25 წლების სეზონი 17 აგვისტოს დაიწყება და 25 მაისამდე გაგრძელდება.

    Facebook კომენტარები