• 09-05-2024
    გიორგი მამარდაშვილი - გზა პირველობამდე
    გიორგი მამარდაშვილი - გზა პირველობამდე

    ის ფაქტი, რომ საქართველო ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს გიორგი მამარდაშვილის დიდი დამსახურებაა. მან პენალტების სერიაში უმნიშვნელოვანესი ბურთის მოხსნა შეძლო, რამაც საბოლოოდ ერი უდიდეს გამარჯვებამდე და ბედნიერებამდე მიგვიყვანა.

    დღეს "ვალენსიას" კარის დარაჯს არაერთი ევროპული გრანდი აკვირდება: "ბარსელონა", "ატლეტიკო", "მანჩესტერი", "ინტერი" და ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.

    ამ ყველაფრამდე კი გიორგიმ დიდი და რთული გზა გაიარა:

    მამარდამ კარიერა საფეხბურთო სკოლა "გაგრაში" 2011 წელს 11 წლის ასაკში მამის მსგავსად მეკარედ დაიწყო.

    ასაკობრივ ტურნირებზე გიორგიმ თავი კარგად წარმოაჩინა, რამაც თბილისის "დინამოს" ყურადღება მიიპყრო და 2012 წლიდან ის "დინამოს" აკადემიაში ჩაირიცხა.

    2018 წელს 17 წლის მამარდაშვილი "დინამოს" მთავარ გუნდში დაწინაურდა, ის აქ აქამდეც ხშირად ვარჯიშობდა და გამოცდილებას იღებდა.

    მიუხედავად დაწინაურებისა, გიოს "დინამოს" მთავარ გუნდში შანსი არ მისცემია, რამაც საბოლოოდ მეკარის 1-წლიანი იჯარით "რუსთავში" წასვლა მოჰყვა.

    "რუსთავი" იმ დროისთვის პირველ ლიგაში ასპარეზობდა, თუმცა აუტსაიდერად მიიჩნეოდა. 

    18 წლის მამარდას პროფესიული დებიუტი სწორედ აქ შედგა. გიომ მათ შემადგენლობაში 32-ჯერ ითამაშა, 45 გოლი მიიღო და კარი მშრალად 10-კერ შეინახა.

    1-წლიანი იჯარის დასრულების შემდეგ, 19 წლის გიორგი "დინამოში" დაბრუნდა, თუმცა აქ კვლავაც არ გაჩერებულა და წელიწად-ნახევრიანი იჯარით ამჯერად თბილისის "ლოკომოტივს" მიაშურა, სადაც ქართველმა გულშემატკივარმაც გაიცნო.

    გია ჭიაბრიშვილი მამარდას ენდო. მან აქ 35 მატჩი ჩაატარა, სადაც 45 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 7-ჯერ შეინახა.

    თუმცა მის "ლოკომიტივურ" კარიერაში მთავარი მიღწევა ეს არ ყოფილა, არამედ მთავარ 2020 წელს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ღირსეული თამაში და მოსკოვის "დინამოს" დამარცხება იყო.

    ამ გამარჯვებაში მამარდას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის, მან 6 სეივი დააგროვა, სასწაული ნახტომები შემოგვთავაზა, გამარჯვების შემდეგ კამერასაც შეჰყვირა და ქართველ გულშემატკივარს თავი შეაყვარა.

    ოკუპანტების დამარცხების შემდეგ ქართულ გუნდს ესპანური "გრანადა" ხვდა წილად, რომელმაც მეტოქე 2:0 სძლია, თუმცა მამარდამ თავი ესპანეთშიც გამოიჩინა, მან 11 სეივი დააგროვა, რამაც საბოლოოდ მის კარიერაზე დიდი გავლენა იქონია.

    ამ თამაშიდან მოყოლებული ქართველს არაერთი ესპანური გუნდი მთელი წელი აკვირდებოდა და 2021 წლის 1 ივლისს მისი "ვალენსიაში" "დინამოდან" 1-წლიანი იჯარაც დადასტურდა.

    მისმა აგენტმა, ლევან სეთურიძემ კარგი მენეჯმენტი გამოავლინა და მამარდა "ღამურებში" მოაწყო, თუმცა ქართული პუბლიკა ამ ყოველივეს გულგრილად უყურებდა, ყველას ეგონა, რომ გიორგი მუდმივად სკამზე იჯდებოდა და მორიგი დაკარგული ტალანტი იქნებოდა, მაგრამ "მოლოდინები" არ გამართლდა.

    როგორც თავიდან იყო შეთანხმებული, გიორგი მეორე გუნდის სათადარიგო მეკარედ მიდიოდა, ის ფაქტიურად პირველი გუნდისთვის მეოთხე არჩევანი იყო.

    მას ესპანეთში დახვდა ისეთი გამოცდილი მეკარე, როგორიც იასპერ სილესენია და შემდეგში, როგორც თავად თქვა, მისგან ბევრი ისწავლა.

    ქართველის "ვალენსიური" დებიუტი სეზონის წინა თამაშებში შედგა, სადაც თავი კარგად წარმოაჩინა, ამავდროულად გუნდის პირველი და მეორე მეკარეები ტრავმირებულები იყვნენ, რამაც ქართველს შანსი მისცა.

    დებიუტი ლა ლიგის პირველივე ტურში 13 აგვისტოს "ხეტაფეს" წინააღმდეგ შედგა, სადაც მამარდამ ბოლო წუთზე მოგერიებული ურთულესი ბურთით ახალ გუნდს 3 ქულა მოუტანა. ამ დღეს "მესტალიაზე" ქართველი გმირი დაიბადა.

    "ღამურებმა" მამარდა 6 თვის შემდეგ გამოისყიდეს და სრულფასოვან კონტრაქტზეც მოაწერინეს ხელი.

    პრიმერა დივიზიონის პირველი 6 ტური შეუცვლელად ითამაშა, ამასობაში მეკარეები გამოჯანმრთელდნენ, თუმცა ხოსეპ ბორდალასი კვალავ ქართველს ენდობოდა. ჩვენი ბიჭი ესპანეთში მალევე შეიყვარეს, სიმღერებიც და შეძახილებიც მალევე დაუწერეს.

    აქ კი მის კარიერაში დიდი გარდატეხა მოხდა, "სევილიასთან" მატჩში მამარდამ უხეში შეცდომები დაუშვა, რამაც გუნდი დამარცხებამდე მიიყვანა. ის 16 ტურის განმვლობაში ხან სკამზე იჯდა, ხანაც განაცხადში არ იყო, თუმცა გიორგი შრომას და განვითარებას არ წყვეტდა.

    ასევე გვახსოვს ეპიზოდი, როდესაც ბორდალასმა ის ზედმეტი 100 გრამის გამო სამატჩო განაცხადში არ შეიყვანა, მაგრამ მამარდა არ ტყდებოდა.

    შრომამ შედეგი გამოიღო! ლა ლიგის 23-ე ტურში სამწვრთნელო შტაბი ქართველს კიდევ ერთხელ ენდო, მან კარი მშრალად შეინახა და ძირითად შემადგენლობაში ფესვები გაიდგა.

    ის ამავე წელს გუნდს კოპა დელ რეის ფინალში გასვლაში დაეხმარა, სადაც "ვალენსია" პენალტების სერიამდე ასევე ქართველმა მიიყვანა. ეს მატჩი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის ღამეს იყო, მას მთელი საქართველო თვალს ადევნებდა, ეს ხომ ქართველის ევროპაში დიდი დაბრუნება იყო, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება "რეალ ბეტისს" დარჩა.

    2020/21 წელი მამარდასთვის ძალიან რთული აღმოჩნდა, თუმცა მან ეს პერიოდი გაიარა, გადალახა დიდი სტრესი ახლა კი ზედიზედ მეორე სეზონია გუნდის კარს შეუცვლელად იცავს.

    ასევე უნდა ითქვას, რომ 2021/22 სეზონში მამარდამ გუნდის არ გავარდნაში ლომის წვლილი შეიტანა.

    დღეს კი მამარდა ლა ლიგის ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა, იბრძვის ზამორას ჯილდოსთვის, არაერთი გრანდის დაკვირვების ქვეშაა, ნაკრების პირველი მეკარეა და სულ მალე ევრო 2024-ზეც შეეცდება პირველობა დაამტკიცოს.

    ჩვენი გმირის სანაკრებო კარიერა 2021 წლის 8 სექტმბერს ბულგარეთის წინააღმდეგ დაიწყო, სადაც მან 4 ბურთი მიიღო. როგორია როდესაც 20 წლის ბიჭს ბულგარეთი 4 გოლს უტანს, თუმცა მამარდას ვერავინ და ვერაფერი ტეხდა, ის ბრძოლას პირველობისთვის აგრძელებდა და თამამად შეიძლება ითქვას, დღეს ეს მიზანი მიღწეულია.

    ის საკუთარ თითოეულ შეცდომას იაზრებდა, შემდეგ ფიქრობდა გამოსავალზე და ასწორებდა მას, ამის უპირველესი მაგალითი კი თერთმეტმეტრიანებია, რომლებსაც მამარდა უბრალოდ აღარ უშვებს.

    ხვიჩა კვარაცხელიამდე ევროპაში სწორედ გიორგი გამოჩნდა, მსოფლიოს აჩვენა, რომ ფეხბურთს საქართველოშიც უმაღლეს დონეზე თამაშობენ. მან ევროპაში ქართველების კარი შეაღო, 26 მარტს კი ევროპის ჩემპიონატის გზაც გახსნა.

    გიორგი მამარდაშვილმა უდიდესი მონდომებით მიაღწია მწვერვალს, სადაც პირველობას ინარჩუნებს. დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრებს მომავალი 10-15 წლის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე იცავს.

    Facebook კომენტარები