• 16-05-2024
    დევისმა უკანა პლანზე გადაიწია - მადრიდელთა ახალი სამიზნე
    დევისმა უკანა პლანზე გადაიწია - მადრიდელთა ახალი სამიზნე

    გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის "რეალმა" ალფონსო დევისის ტრანსფერის მიმართ ინტერესი დაკარგა და ამჯერად აქცენტს "ჟირონას" ვარსკვლავის, მიგელ გუტიერესის დამატებაზე აკეთებს. 

    მოგეხსენებათ, 14 გზის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები ყოველთვის ცდილობენ სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურობას და საინტერესო ფეხბურთელებით შემადგენლობის გაძლიერებას. უკვე რამდენიმე სეზონია იწერება "ბაიერნის" განაპირა მცველის, ალფონსო დევისის დამატებაზე, თუმცა გამოცემა Cope ავრცელებს ინფორმაციას, რომ "თეთრების" ინტერესმა კანადელის დამატების მიმართ ამ ეტაპზე უკანა პლანზე გადაიწია და პრიორიტეტი სწორედ ესპანეთის ჩემპიონატის ბინადარი "ჟირონას" მარცხენა მცველი, მიგელ გუტიერესი გახდა. 

    ცნობისთვის, "ჟირონას" 22 წლის მცველი აქამდე მრავალი წლის განმავლობაში ირიცხებოდა მადრიდელთა რიგებში (ძირითადად მეორე გუნდში) და მის მიერ მოპოვებულ ტიტულთა სიაში "რეალთან" ერთად მოგებულ ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის თასსაც წავაწყდებით. 

    მიმდინარე სეზონში გუტიერესის ანგარიშზე "ჟირონას" რიგებში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 39 მატჩში 2 გოლი და 8 ასისტია. Transfermarkt-ის მონაცემებით კი ამ უკანასკნელის ღირებულება 20 მილიონი ევროა.

    Facebook კომენტარები