• 22-11-2023
    ვილი მალე წავა - 3 კანდიდატი, ვინც სანიოლი საქართველოს ნაკრებში უნდა შეცვალოს
    ვილი მალე წავა - 3 კანდიდატი, ვინც სანიოლი საქართველოს ნაკრებში უნდა შეცვალოს
    Author of the article
    Aa

    ვილი სანიოლის მიერ FootMercato-სთვის მიცემულმა ინტერვიუმ ქართველ გულშემატკივარს გაუჩინა განცდა, რომ ფრანგი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებიდან წასვლას საკმაოდ ახლო პერსპექტივად მიიჩნევს. სანიოლის განცხადებების მიხედვით, იგი იმ შემთხვევაშიც კი არაა "ჯვაროსნებში" დარჩენაში დარწმუნებული, თუ ეროვნულ გუნდს ევრო 2024-ზე გაიყვანს. 46 წლის მწვრთნელმა შეთავაზებების მრავალფეროვნებასაც გაუსვა ხაზი.

    ცხადია, სანიოლის შემცვლელზე ფიქრის დაწყება ალოგიკური ქმედება ახლა ნამდვილად არ იქნება. მართალია, ჯერ წინ მარტის თამაშები გველოდება და ახლა მთელი ყურადღება იქითკენ უნდა იყოს მიმართული, თუმცა მარტამდე 3 თვეზე მეტია და იქამდე თუ ჩვენ ვილის შესაძლო მემკვიდრეების განხილვას დავიწყებთ, ამით არაფერი უნდა დაშავდეს.

    რაიმე კონკრეტულზე საუბარი მაშინ მეტად უპრიანი იქნება, როცა საქართველოს ნაკრების მესაჭის თანამდებობა გათავისუფლება, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან, ჩვენ შეიძლება ეს კანდიდატები დავასახელოთ:

    რამაზ სვანაძე

    რამაზ სვანაძე დღეს ყველაზე იმედისმომცემი ქართველი სპეციალისტია, რომელიც 21-წლამდელთა ნაკრებში ჩინებულად მუშაობს. სვანაძემ ზაფხულში 21-წლამდელები ევროპის 8 საუკეთესო გუნდში შეიყვანა (პირველი ადგილით გავიდა რა პორტუგალია-ბელგია-ნიდერლანდების ჯგუფიდან), დღეს კი ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას საკვალიფიკაციო ეტაპიდან ცდილობს და ამის რეალური შანსიც აქვს - საკმაოდ რთულ ჯგუფში მე-2 პოზიციაზე იმყოფება.

    სვანაძის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ის ფეხბურთელები, რომლებიც 21-წლამდელთა ნაკრებიდან ძირითად ნაკრებში დაწინაურდებიან, მის ხელში იქნებიან გამოცდილნი და ყველაზე კარგად მათი შესაძლებლობები სწორედ 42 წლის მწვრთნელს ეცოდინება. 

    შოთა არველაძე

    უკვე ძალიან ბევრი წელია, რაც არველაძის სახელი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელობის კანდიდატებს შორის გაისმის ხოლმე, თუმცა ეს ხმები რეალობად აქამდე ჯერ არ ქცეულა. პოპულარული მოსაზრების მიხედვით, ამის მიზეზი თავად შოთის პოზიციაა - პოზიცია კი რომ ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს, ამის შესახებ ფეხბურთის ქომაგებს შესანიშნავად მოეხსენებათ.

    საქართველოს ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი ბოლოს ინგლისურ "ჰალ სიტის" ედგა სათავეში, ახლა კი უმუშევარია.

    უცხოელი სპეციალისტი

    ეროვნული ნაკრების ბოლო 2 მწვრთნელი უცხოელი იყო. უკანასკნელთან, ვილი სანიოლისთან, ფეხბურთის ფედერაციამ ისე უჩუმრად შეათანხმა კონტრაქტი, რომ ამის შესახებ ლამის ყველამ მხოლოდ ოფიციალური განცხადებიდან შეიტყო. არაა გამორიცხული, ფედერაციამ ფსონი ამჯერადაც უცხოელ სპეციალისტზე დადოს. ვინ იქნება ეს - ახალგაზრდა თუ გამოცდილი, სანაკრებო წარსულით თუ მხოლოდ საკლუბო დამსახურებებით, ძალიან რთულად პროგნოზირებადია. საინტერესო, თუმცა უმუშევარი კანდიდატების მოძებნა ახლაც თავისუფლადაა შესაძლებელი - გრემ პოტერი, ჯოვანი ვან ბრონხოსტი, ჯესი მარში... მაგრამ, რა თქმა უნდა, ისიც უნდა გავიხსენოთ, რამდენად მიმზიდველ პროექტად შეიძლება ჩანდეს საქართველოს ნაკრები ასეთი რანგის სპეციალისტისთვის. ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ამ კუთხითაც უდიდესი მნიშვნელობა ექნება. ევრო 2024-ზე გასული ნაკრები კარგი მწვრთნელებისთვის გაცილებით უფრო მომხიბლავი ადგილი იქნება კარიერის გასაგრძელებლად, ვიდრე პლეი ოფში დამარცხებული გუნდი.

    Facebook კომენტარები