• 22-11-2023
    "რატომ ვართ ლაჩრები?" - მესი როდრიგოს გაუბრაზდა
    "რატომ ვართ ლაჩრები?" - მესი როდრიგოს გაუბრაზდა

    დღეს გამთენიისას "მარაკანაზე" შედგა მსოფლიოს 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი, რომელშიც ერთმანეთს ბრაზილიისა და არგენტინის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

    შეხვედრის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ტრიბუნებზე ფანებს შორის დაიწყო დაპირისპირება. შეტაკებაში ბრაზილიელი პოლიციელებიც ჩაერთვნენ და სტუმარი გუნდის ქომაგებს ხელკეტები დაუშინეს. ცხადია, ამან "ალბისელესტეს" ფეხბურთელები ძალიან გააბრაზა. ლიონელ მესი და კომპანია ჯერ უშუალოდ ტრიბუნასთან ეცადა საკუთარი ფანების დაცვას, მერე კი პროტესტის ნიშნად გასახდელში გავიდა.

    მოგვიანებით არგენტინელები მინდორზე დაბრუნდნენ. როცა ეს მოხდა, მადრიდის "რეალის" შემტევმა, როდრიგომ მეტოქე ლაჩრებად მოიხსენია. ამას ოქროს ბურთის რვაგზის მფლობელი გამოეხმაურა.

    "ჩვენ მსოფლიო ჩემპიონები ვართ. რატომ ვართ ლაჩრები? დაფიქრდი, რას ამბობ," - უთხრა მესიმ 22 წლის ფეხბურთელს, თუ TyC Sports დავუჯერებთ.

    საბოლოოდ მატჩი "ალბისელესტეს" გამარჯვებით დასრულდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი ნიკოლას ოტამენდიმ, თავური დარტყმით გაიტანა. 

    სხვათა შორის, ბრაზილიის ნაკრებმა ისტორიაში პირველად წააგო მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო მატჩი.

    Facebook კომენტარები