• 24-11-2023
    მაძარი: "რა აზრი აქვს სკუდეტოზე საუბარს, როცა ლიდერი 10 ქულით გისწრებს"
    მაძარი: "რა აზრი აქვს სკუდეტოზე საუბარს, როცა ლიდერი 10 ქულით გისწრებს"

    სერია ა-ს მე-13 ტურში "ნაპოლი" ბერგამოს "ატალანტას" ესტუმრება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "პარტენოპეის" ახალმა თავკაცმა, ვალტერ მაძარიმ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

    მაძარისთვის იტალიის მოქმედ ჩემპიონებს ოფიციალური პრეზენტაცია არ მოუწყვიათ, ამიტომ იგი პრესას კამპანიაში დაბრუნების შემდეგ პირველად გაესაუბრა.

    "დიახ, ასეთ ძლიერ გუნდში აქამდე არასდროს მიმუშავია. საუბრისას ყურადღებით ყოფნა მმართებს. წუწუნით ცნობილი ვარ, მაგრამ ახლა სხვა მაძარის ნახავთ, რომელიც აღარ იწუწუნებს. სპალეტიმ საოცრება გააკეთა. მისი გუნდის ფეხბურთით აღფრთოვანებული ვიყავი. მართალია, სკუდეტო არ მომიგია, მაგრამ მახსოვს, რა ხდებოდა ქალაქში, როცა იტალიის თასის ფინალში "იუვენტუსი" დავამარცხეთ. ალბათ, როცა გუნდი ჩემპიონობას მიჩვეული არაა, მოსალოდნელია კიდეც, რომ მოხდეს ისეთი რამ, რაც ამ სეზონში ხდება. სპალეტის შეცვლა ნებისმიერ მწვრთნელს გაუჭირდებოდა.

    ჩემპიონობის შანსი? რა აზრი აქვს სკუდეტოზე საუბარს, როცა ლიდერს 10 ქულით ჩამოვრჩებით. ვნახოთ, მომავალში რა მოხდება. "ატალანტასთან" რთული მატჩი იქნება - არავის სიამოვნებს ამ გუნდის ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაში.

    კვარას და ლავეცის შედარება? პოზიციურად ისინი მსგავსნი არიან, ოღონდ განსხვავებული თვისებები აქვთ. ლავეცი დაცვას ისე არ ეხმარებოდა, როგორც ამას კვარა აკეთებს. ახლა ფეხბურთი სხვანაირია და სქემებიც შეიცვალა. ლავეცის უკან ჩამოსვლას არც ვავალებდი, რადგან ეს არ შეეძლო ,სუნთქვაც კი უჭირდა... თუმცა, შემტევი ფუნქციების ასპექტში, ისინი ერთმანეთს ჰგვანან, იქნება ეს მეტოქის მოტყუება თუ გოლის გატანა. ისე, კავანი-ოსიმენის შედარება უფრო იოლია, ვიდრე ლავეცისა და კვარაცხელიასი," - თქვა მაძარიმ.

    "ლა დეასა" და "პარტენოპეის" მატჩი ხვალ, თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები