• 28-11-2023
    “ოჯახი და მეგობრები მიზნის მისაღწევად დიდ სტიმულს მაძლევენ” - ინტერვიუ ზაურ დვალაშვილთან
    “ოჯახი და მეგობრები მიზნის მისაღწევად დიდ სტიმულს მაძლევენ” - ინტერვიუ ზაურ დვალაშვილთან

    როგორც მოგეხსენებათ, 23-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

    81 კილოგრამ წონით კატეგორიში მოასპარეზე, ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენმა, ზაურ დვალაშვილმა ასპარეზობა ტრიუმფით დაასრულა.

    გერმანიის ქალაქ პოდსტამში გამართულ შეჯიბრებაზე ზაურმა 5 მეტოქეს სძლია და ოქროს მედალიც საკმაოდ დამსახირებულად მოიპოვა.

    Footballnews.ge 22 წლის ძიუდოისტს დაუკავშირდა და მასთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა:

    – როგორ შეაფასებ შენ გამოსვლას ევროპის ჩემპიონატზე?

    – დადებითად შევაფასებ ჩემს გამოსვლას ევროპის ჩემპიონატზე, რადგან მოვიპოვე ოქროს მედალი.

    – საქართველოს ჰიმნის აჟღერება როგორი მომენტია?

    – სიამაყის გრძნობა დამეუფლა, როდესაც საქართველოს ჰიმნი ავაჟღერე.

    – ფინალურ შეხვედრას როგორ შეაფასებ?

    – ფინალური შეხვედრისთვის ძალიან კარგად განვეწყე, მოვიკრიბე ყველა ძალა და შევძელი გამარჯვება სუფთა გდებით.

    – საქართველოს ნაკრებმა აღნიშნულ ტურნირზე 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. როგორ შეაფასებდი საქართველოს გამოსვლას 23-წლამდე ჩემპიონატზე?

    – დადებითად შევაფასებ, იქიდან გამომდინარე, რომ მედლების გუნდური ჩათვლა პირველ ადგილზე დავასრულეთ.

    – გუნდურ ასპარეზობაზე მე-3 ადგილი დავიკავეთ, ამ ფაქტს როგორ შეაფასებდი?

    – გუნდურ ასპარეზობაში მეტად შეგვეძლო თავის გამოჩენა და ვფიქრობ, ოქროს მედლის მოპოვებაც კი. თუმცა, ბრძოლაში მოპოვებული ბრინჯაოც სასიხარულოა.

    – როგორ და სად დაიწყე ვარჯიში?

    – ვარჯიში დავიწყე ხაშურის სასპორტო სკოლაში, მამის გადაწყვეტილებით 7 წლის ასაკში.

    – შენი და მსოფლიო ჩემპიონის ლუკა მაისურაძის ურთიერთობაზეც რომ გვესაუბრო.

    – ჩემი და ლუკას მეგობრობა დიდი ხნის წინ დაიწყო და მას შემდეგ ვუზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებას, ვფიქრობ, ისეთი ადამიანის გვერდში ყოფნა, ვინც მუდმივად გეხმარება და სტიმულს გაძლევს უთუოდ გამართლებაა, სწორედ ასეთი ადამიანია ლუკა. ის დიდი მოტივატორი და დიდი მეგობარია.

    – ვინ არის შენი კუმირი?

    – კუმირი არ მყავს. ვფიქრობ, რომ ყველა წარმატებული სპორტსმენისგან შეიძლება რამე ღირებულის სწავლა.

    – ვინ არის შენი მოტივაცია?

    – უპირველესი მოტივატორი ჩემი თავი და ის მიზნებია, რომელთა შესრულებაც საკუთარ თავს აღვუთქვი, თუმცა ჩემი ოჯახი და მეგობრები, არიან ადამიანები, ვინც ძალას მაძლევენ და  სტიმულს მივიდე მიზნამდე.

    – შენს სამომავლო გეგმებზე რომ გვესაუბრო.

    – ჩემი მიზანია განვავითარო საკუთარი თავი, დავინახო შეცდომები და მივიდე სრულყოფილებასთან ძალიან ახლოს და რაც შეეხება კარიერის გაგრძელებას, ჩემი ხასიათიდან და შრომისმოყვარეობიდან გამომდინარე ვფიქრობ დავიპყრობ მწვერვალებს.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები