• 06-08-2022
    "მეტი შეგვეძლო" - კიმიხს "აინტრახტთან" 6 გოლი არ ეყო
    "მეტი შეგვეძლო" - კიმიხს "აინტრახტთან" 6 გოლი არ ეყო

    ახალი სეზონი გუშინ ევროპის TOP 5-დან 3 ჩემპიონატში დაიწყეს. გერმანიის ბუნდესლიგა ჩემპიონმა "ბაიერნმა" გახსნა, რომელიც ევროპალიგის მოქმედ ტრიუმფატორ "აინტრახტს" ესტუმრა და გააცამტვერა.


    პირველ ტაიმში მიუნხენელები უკვე 5:0-ს იგებდნენ. მეორე ნახევარში გუნდებმა თითო-თითო გოლი გაცვალეს და საბოლოო ანგარიშიც 1:6 დაფიქსირდა.


    ფრანკფურტელთა რბევა იოზუა კიმიხმა დაიწყო. "ბაიერნის" ვარსკვლავმა "აინტრახტის" კარი მეხუთე წუთზე გატანილი ბრწყინვალე გოლით აიღო - გერმანელმა "აინტრახტის" ფანების მიერ გაშვებუი თეთრი ბოლით ისარგებლა და კევინ ტრაპს ძალიან შორიდან შესრულებული ჯარიმით გაუტანა.


    მატჩის შემდეგ იოზუამ ჟურნალისტს მცირე ინტერვიუც მისცა.


    "დღევანდელი შეხვედრიდან ერთადერთი უარყოფითი რამ ისაა, რომ კარი მშრალად ვერ შევინახეთ. წინ ბევრი არაფერი შეგვშლია. მეტი გოლის გატანაც შეგვეძლო. ასეთი თამაშები მოედანზე ყოფნის სურვილს მიზრდის.


    ვიცოდით, რომ კოსტიჩისა და კნაუფის მიღმა სივრცე ყოველთვის იქნებოდა. ყოველ ჯერზე, როცა "აინტრახტი" ბურთს კარგავდა, ჩვენ ბოძებულ სივრცეს ვითვისებდით. რა თქმა უნდა, ჩვენი შემტევი ოთხეულის გათვალისწინებით, ეს ძალიან სასიამოვნო იყო," - თქვა იოზუამ.


    რა თქმა უნდა, "ბაიერნი" ახლა ბუნდესლიგის ცხრილს ლიდერობს. მეორე ტურის მატჩში ბავარიელები "ვოლფსბურგს" დაუპირისპირდებიან, "აინტრახტის" მომდევნო შეხვედრა კი უეფას სუპერთასზე, "რეალის" წინააღმდეგ შედგება.

    Facebook კომენტარები