• 25-10-2023
    "ატმოსფერო გასაოცარი იყო" - კეინი სტამბოლელებმა აღაფრთოვანეს
    "ატმოსფერო გასაოცარი იყო" - კეინი სტამბოლელებმა აღაფრთოვანეს
    Author of the article
    Aa

    როგორც მოსალოდნელი გახლდათ, მიუნხენის "ბაიერნს" სტამბოლში თამაში გაუჭირდა, თუმცა ტომას ტუხელის გუნდმა "გალათასარაის" გატეხვა მაინც მოახერხა.

    ანგარიში მე-8 წუთზე, კინგსლი კომანმა გახსნა. 22 წუთში წონასწორობა მაურო იკარდიმ აღადგინა. ამის შემდეგ თამაშმა "გალასთვის" სასურველი ხასიათი მიიღო და მასპინძლები რეალურ მომენტებსაც ქმნიდნენ, მაგრამ გოლები მაინც "რეკორდმაისტერის" მხრიდან გავიდა - 73-ე წუთზე ჰარი კეინმა შეაგდო, 79-ეზე კი - ჯამალ მუსიალამ.

    ინგლისელმა ცენტრფორვარდმა მატჩისშემდგომ ინტერვიუში სტამბოლელ ქომაგებს კომპლიმენტები უძღვნა.

    "ამ სტადიონზე პირველად ვითამაშე და ყურთასმენა ბოლომდე ჯერ კიდევ არ აღმდგენია. საოცრებაა. პატივისცემა "გალათასარაის" გულშემატკივრებს და, რა თქმა უნდა, ჩვენს ფანებსაც, რომლებიც აქ ჩამოვიდნენ.

    გამარჯვების ასეთ ატმოსფეროში მიღწევა ძალიან რთული ამოცანაა. საბედნიეროდ, დღეს ეს მოვახერხეთ," - თქვა კეინმა.

    ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ჰარიმ თავისი მე-2 გოლი შეაგდო. "ბაიერნს" 9 ქულა აქვს და A ჯგუფს დამაჯერებლად ლიდერობს, "გალათასარაის" აქტივში კი 4 ქულა და მეორე ადგილია. აქვე გეტყვით, რომ 3-ქულიანი "მანჩესტერ იუნაიტედი" მე-3 პოზიციაზეა, ხოლო ცხრილის ფსკერზე კინკილა ქულის პატრონი "კოპენჰაგენი" განისვენებს.

    Facebook კომენტარები