• 10-12-2023
    "გაბრაზებული მანქანა უნდა ჩაირთოს" - მიულერი "აინტრახტთან" 1:5-ის მერე
    "გაბრაზებული მანქანა უნდა ჩაირთოს" - მიულერი "აინტრახტთან" 1:5-ის მერე
    Author of the article
    Aa

    გერმანიის ბუნდესლიგის მე-15 ტურის მთავარი სენსაცია "დოიჩე ბანკ არენაზე" შედგა, სადაც ფრანკფურტის "აინტრახტმა" მიუნხენის "ბაიერნს" უმასპინძლა და მრისხანე მეტოქე გაანადგურა, ანგარიშით 5:1.

    "არწივების" მხრიდან დუბლი ერიკ ებიმბემ მიითვალა, თითო გოლით კი თავები ომარ მარმუშმა, ჰუგო ლარსენმა და ანსგარ კნაუფმა გამოიჩინეს. ერთადერთი, რაც "რეკორდმაისტერმა" გაახერხა, იოზუა კიმიხის მიერ 44-ე წუთზე გატანილი გოლი გახლდათ. ამ გოლით ბავარიელებმა სხვაობა 1 ბურთამდე დაიყვანეს, თუმცა შემდეგ კიდევ 3 გოლი გაუშვეს და შინ გაწბილებულნი დაბრუნდნენ.

    მოქმედი ჩემპიონების სამარცხვინო მარცხის შესახებ "ბაიერნის" გამოცდილმა ვარსკვლავმა, თომას მიულერმა ისაუბრა.

    "უპირველეს ყოვლისა, "აინტრახტს" უნდა მივულოცოთ. მათ გამარჯვება დაიმსახურეს. "აინტრახტი" ძალიან ეფექტური იყო. 5:1-ით წაგებას რეაქცია უნდა მოჰყვეს. გაბრაზებული მანქანა უნდა ჩაირთოს.

    ინდივიდუალური შეცდომები დავუშვით. რა თქმა უნდა, თუ თამაშში დაბრუნება გინდა, ეს არ გამოგადგება. საზოგადოდ, მირჩევნია, რომ ყველაფერი ცუდი 1 მატჩში მოხდეს. ჩვენ დავბრუნდებით," - თქვა მიულერმა.

    სხვათა შორის, თომასი ერთადერთი ბავარიელი იყო, რომელმაც მატჩისშემდგომ ინტერვიუზე თანხმობა განაცხადა. მიულერმა ეს იმით ახსნა, რომ გუნდში ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელია, მანუელ ნოიერთან ერთად, და პრესის წინაშე წარდგომის ვალდებულებასაც ყველაზე მეტად თვითონ გრძნობს.

    "ბაიერნი" ბუნდესლიგის ცხრილში მეორე პოზიციაზეა და ლიდერ "ლევერკუზენს" 4 ქულით ჩამორჩება, თუმცა "ფარმაცევტებზე" 1 მატჩით ნაკლებიც აქვს ჩატარებული.

    Facebook კომენტარები