

რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სადიო მანეს მსოფლიო ჩემპიონატზე არყოფნა გადაწყვეტილი ამბავი გახლდათ, თუმცა დღეს გამოქვეყნდა სენეგალის ეროვნული ნაკრების 26-კაციანი განაცხადი, სადაც მიუნხენის "ბაიერნის" 30 წლის თავდამსხმელიც არის შეყვანილი.
სენეგალელები იმედოვნებენ, რომ სადიო "ბაიერნისა" და "ვერდერს" შორის გამართულ მატჩში მიღებულ ტრავმას ჯგუფური ეტაპის მესამე ტურისთვის მაინც მოიშუშებს. უკანასკნელ ტურში მათ ეკვადორთან ჯახი 29 ნოემბერს ელოდებათ და, ბუნებრივია, თუ იქამდე ისე მივიდნენ, რომ ჯგუფიდან გასვლის შანსი შერჩენილი ექნებათ, სადიოს ფაქტორი გადამწყვეტი მნიშვნელობას მიიღებს.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე აფრიკის მოქმედი ჩემპიონების თავკაცმა, ალიდუ სისემ არც ის გამორიცხა, რომ მანემ ოპტიმალურ კონდიციებში ჩადგომა მაინც ვერ მოასწროს.
"სადიო მანე ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მან თამაში შეძლოს.
სადიოს დაკარგვა სენეგალისა და აფრიკული ფეხბურთისთვის დიდი დარტყმაა. თუ ის დაგვაკლდება, შესაბამისად ვიმოქმედებთ, მაგრამ დრო ჯერ კიდევ გვაქვს, რომ გავარკვიოთ, მანე სათამაშოდ მზად იქნება თუ არა," - თქვა სისემ.
სენეგალის ნაკრებმა გუნდის ექიმი მიუნხენში სამიოდ დღის წინ გააგზავნა. კარგი ამბავი ის გახლდათ, რომ ექიმმა ოპერაციის საჭიროება ვერ დაინახა. რაც შეეხება ბავარიულ კლუბს, მანე რომ "შალკესთან" ვერ ითამაშებს, ამაზე მათ უკვე გაავრცელეს ოფიციალური განცხადება, მაგრამ გუნდის 17 ნომრის უქმობის პერიოდი არც მათ დაუზუსტებიათ.
ცნობისთვის, სენეგალი კატარის მუნდიალზე A ჯგუფშია. "ტერანგას ლომების" მეტოქეები ნიდერლანდები, კატარი და ეკვადორი იქნებიან. ტურნირს ისინი 21 ნოემბერს, ნიდერლანდებთან ჯახით დაიწყებენ.