

როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიო ჩემპიონატიდან გერმანიის ნაკრების გავარდნიდან რამდენიმე დღის შემდეგ, მიუნხენის "ბაიერნის" გოლკიპერმა, მანუელ ნოიერმა ფეხი მოიტეხა. ტრავმა, რომელმაც 34 წლის მეკარეს სეზონი დაუსრულა, მან თხილამურებით სრიალისას მიიღო.
ბუნებრივია, შექმნილი მდგომარეობა "რეკორდმაისტერს" აიძულებს, რომ იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე ახალი კიპერი მოძებნოს.
ბავარიელთა მთავარ სამიზნედ "მონაკოს" კარის დარაჯი, ალექსანდრ ნუბელი ითვლება, თუმცა ტრანსფერის განხორციელების საქმე წინ რთულად მიიწევს. L'Equipe-ს ცნობით, მოლაპარაკებების პროცესი "გაყინულია".
მონეგასკებს 26 წლის კიპერის შემცვლელის დაუყონებლივ მოძებნა დასჭირდებათ, რაც იოლი გასაკეთებელი არ იქნება. სწორედ ამიტომ არ სურთ მათ გერმანელთან ზამთარში დამშვიდობება.
გასათვალისწინებელია ნუბელის ამბიციებიც - ალექსანდრი "ბაიერნის" გარანტირებულ სათამაშო დროს სთხოვს და ეს მას მერეც უნდა გაგრძელდეს, რაც ნოიერი გუნდს დაუბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ გერმანელი "მონაკოში" სწორედ "ალიანს არენადანაა" განათხოვრებული. "ლუი II-ზე" ბავარიელებმა ალექსანდრი 2021 წელს, ორსეზონიანი იჯარით გაუშვეს. გასულ ზაფხულს მათ ფეხბურთელის უკან დაბრუნების უფლებაც ჰქონდათ, თუმცა ეს არ გამოიყენეს.
მიმდინარე სეზონში ნუბელმა 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაუშვა 33 გოლი და კარი მშრალად 6-ჯერ შეინახა.