

მადრიდის "რეალისა" და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა სერხიო რამოსი "პარი სენ ჟერმენში" თავის მეორე სეზონს ატარებს. პირველი სეზონი ესპანელ მცველს ტრავმებმა თითქმის მთლიანად გამოატოვებინეს, თუმცა მიმდინარე მარათონში იგი მხნედ გამოიყურება და მატჩების უმრავლესობაშიც იღებს მონაწილეობას.
2021 წელს სერხიომ "პსჟ-სთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მაშასადამე, ზაფხულში იგი თავისუფალი აგენტი ხდება, თუმცა კლუბისგან ახალი ხელშეკრულების შეთავაზება ჯერ კიდევ არ მიუღია.
თუ Diario AS-ს დავუჯერებთ, რამოსის მომავალი თებერვალ-მარტში, მიუნხენის "ბაიერნთან" წინააღმდეგ გასამართ მატჩებში გადაწყდება.
წყაროს თანახმად, პარიზულ გრანდში ფიქრობენ, რომ 36 წლის მცველს ძველებური სისწრაფე აღარ აქვს შერჩენილი. მათ იმაზე ფიქრიც აწუხებთ, შეუძლია თუ არა რამოსს, რომ კვლავ ითამაშოს უმაღლეს დონეზე.
სწორედ ამ ყველაფრიდან გამომდინარე, "პსჟ-ს" ხელმძღვანელობა დააკვირდება, როგორ იასპარეზებს სერხიო ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის პირისპირ და გადაწყვეტილებას ნანახზე დაყრდნობით მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩს პარიზელები შინ 14 თებერვალს გამართავენ, "ალიანს არენაზე" გასამართი დაპირისპირება კი 8 მარტს შედგება.
რაც შეეხება რამოსს, მიმდინარე სეზონში მან 22 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი 1 გოლითა და 1 ასისტით გამოიჩინა.