• 05-01-2023
    დეილი ბლინდი "ბაიერნს" შეუერთდება
    [/xfgiven_playerads]
    დეილი ბლინდი "ბაიერნს" შეუერთდება
    Aa

    გასული წლის დეკემბრის ბოლოს, ამსტერდამის "აიაქსმა" 32 წლის მცველს, დეილი ბლინდს კონტრაქტი ნაადრევად დაუსრულა. ბევრი ფიქრობდა, რომ ეს ნიდერლანდელი უკანახაზელის უმაღლეს საფეხბურთო სცენაზე ყოფნის წერტილი გახლდათ, თუმცა როგორც დღეს გავრცელებული ინფორმაციებით ვიგებთ, ბლინდი კარიერას კვლავ ევროპულ გრანდში გააგრძელებს.


    De Telegraaf-ის ცნობით, დეილი მიუნხენის "ბაიერნს" შეუერთდება. მცველი ბავარიელებთან 6-თვიან კონტრაქტს გააფორმებს, რომელსაც 1 წლით გახანგრძლივების ოფციაც ექნება.


    ვეტერანი უკანახაზელი სამედიცინო შემოწმებას დღეს საღამოს გაივლის.


    გეტყვით, რომ "ბაიერნს" თავისი ძირითადი მარცხენა მცველი ლუკას ერნანდესი მსოფლიო ჩემპიონატზე სერიოზულად დაუშავდა. სწორედ ამიტომ დასჭირდათ მიუნხენელებს აღნიშნული პოზიციის იანვარში გაძლიერება. თანაც, ბლინდი უნივერსალია და დაცვის ცენტრშიც შეუძლია თამაში.


    ნიდერლანდელს "ალიანს არენაზე" ნაცნობი სახეები უხვად დახვდებიან. მატაის დე ლიხტი, ნუსაირ მაზრაუი, რაიან გრავენბერხი - სამივე მათგანი "ბაიერნს" სწორედ "აიაქსიდან" შეუერთდა და დეილის მათი თანაგუნდელობის გამოცდილება უკვე აქვს.


    ამსტერდამული გუნდის მაისური ბლინდმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 19 მატჩში მოირგო და 2 ასისტი მიითვალა.

    Facebook კომენტარები