• 09-03-2024
    "ახლა ყველა მატჩი ფინალია" - გარნაჩო "ევერტონის" დამარცხების შემდეგ
    "ახლა ყველა მატჩი ფინალია" - გარნაჩო "ევერტონის" დამარცხების შემდეგ

    პრემიერ ლიგის 28-ე ტური "ოლდ ტრაფორდზე" გაიხსნა, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ევერტონს" მოუგო, ანგარიშით 2:0. ორივე გოლი პენალტის ნიშნულიდან გავიდა. თავი ჯერ ბრუნო ფერნანდეშმა გამოიჩინა, მერე კი მარკუს რაშფორდმა გაიტანა.

    მართალია, ტაბლოზე არ დაფიქსირებულა, თუმცა "წითელი ეშმაკების" გამარჯვებაში მთავარი წვლილი არგენტინელმა შემტევმა, ალეხანდრო გარნაჩომ დაიდო, რომელმაც დღეს დანიშნული ორივე პენალტი პირადად გამოიმუშავა. 

    23 წლის გარემარბი "კანფეტების" დამარცხების შემდეგ TNT Sports-ს გაესაუბრა.

    "ბოლო ორი მატჩი წავაგეთ, ამიტომ ახლა მოწოდების სიმაღლეზე ყოფნა მნიშვნელოვანი იყო. გვინდა, რომ შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვიყოთ, ამიტომ ამ გამარჯვებით ბედნიერი ვარ.

    მწვრთნელმა თქვა, რომ ახლა ყველა მატჩი ფინალია. ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედი" ვართ და ყველა დარჩენილი შეხვედრა უნდა მოვიგოთ. 

    მწვრთნელს ჩემგან ერთი ერთზე შეტევა, დრიბლინგი და დარტყმა სურს. დღეს ორი პენალტი გამოვიმუშავე. ეს მნიშვნელოვანია.

    ჩემს ასაკში მსგავსი რამ სიზმარივითაა. როცა სავსე "ოლდ ტრაფორდი" შენს სახელს სკანდირებს, გასაოცარი შეგრძნება გეუფლება. ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ," - თქვა გარნაჩომ.

    ამ გამარჯვებით "მანჩესტერ იუნაიტედმა" ოთხეულთან ჩამორჩენა 8 ქულამდე დაიყვანა, თუმცა მეოთხეადგილოსან "ასტონ ვილას" 28-ე ტურში თავისი მატჩი ჯერ არ ჩაუტარებია. "ვილანები" ხვალ "ტოტენჰემს" შეხვდებიან. აღსანიშნავია, რომ ოთხეულისთვის "სპურსიც" იბრძვის, ამიტომ მანჩესტერული გრანდის ერთ-ერთი კონკურენტი ქულებს აუცილებლად დაკარგავს.

    Facebook კომენტარები