

მიუნხენის "ბაიერნმა" მიუნხენგლადბახის "ბორუსიადან" იან ზომერის ტრანსფერი დაადასტურა. შვეიცარიელმა გოლკიპერმა "რეკორდმაისტერთან" ორწელიწად-ნახევრიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
ბავარიელებმა ახალი მეკარის ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც მანუელ ნოიერმა თხილამურებით სრიალისას ფეხი მოიტეხა და სეზონი ნაადრევად დაისრულა. "ალიანს არენას" ბინადრებს თავიდანვე ზომერის კანდიდატურა ჰყავდათ პრიორიტეტად მიჩნეული და მიზანს მათ რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებების შედეგად მიაღწიეს.
გერმანული მედიის მტკიცებით, 34 წლის მეკარის ტრანსფერი "ბაიერნს" 8 მილიონი ევრო დაუჯდა (+1.5 მილიონი ევრო ბონუსების სახით).
"ახალი გამოწვევით აღტაცებული ვარ. ეს დიდი, ძლევამოსილი კლუბია. ერთმანეთის წინააღმდეგ ბევრჯერ გვითამაშია. ვიცი ამ კლუბის უმაღლესი დონისა და ატმოსფეროს შესახებ. ამაყი ვარ, რომ "ბაიერნის" წევრი გავხდი," - თქვა ზომერმა.
აქვე გეტყვით, რომ ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში იანმა 10 მატჩი ჩაატარა, გაუშვა 14 გოლი და კარი მშრალად 3-ჯერ შეინახა.