

მიუნხენის "ბაიერნისთვის" ბუნდესლიგა წარუმატებლად განახლდა. ბავარიელებმა გუშინ "აინტრახტთან" ფრედ, ანგარიშით 1:1 ითამაშეს. 2023 წელს ეს "რეკორდმაისტერისთვის" ზედიზედ მესამე ყაიმია - მანამდე ისინი "ლაიფციგსა" და "კიოლნს" დაუზავდნენ.
"ბაიერნი" მატჩის 34-ე წუთზე ლეროი სანემ დააწინაურა, თუმცა უპირატესობა გუნდმა ვერ შეინარჩუნა. 69-ე წუთზე ანგარიში რანდალ კოლო მუანიმ გაათანაბრა და მიუხედავად მიუნხენელთა მრავალი მცდელობისა, ეს შეხვედრის უკანასკნელი შედეგიანი დარტყმა გახლდათ.
მიუნხენში კრიზისზე უკვე ხმამაღლა ალაპარაკდნენ, თუმცა გუნდის ახალგაზრდა თავკაცი იულიან ნაგელსმანი სიმშვიდეს ინარჩუნებს.
"ფრანკფურტმა" დღეს სივრცეები არ მოგვცა. ჩვენი ყველა შეტევა ფლანგიდან მიდიოდა და ცენტრში არ ვმოქმედებდით. დღეს კარგი თამაში ნამდვილად არ გვიჩვენებია.
თავდაჯერების ნაკლებობა? როცა ვერ იგებ, იმაზე ნაკლებად ხარ თავდაჯერებული, ვიდრე მოგების შემთხვევაში იქნებოდი. ბევრ ასპექტში შეგვიძლია განვითარება და ამაზე ვიმუშავებთ. როცა მეტოქე თავს ღრმად იცავს, საქმე ძალიან, ძალიან გვირთულდება.
3 ფრე ზედიზედ? კიდევ კარგი, რომ ოთხშაბათს ფრე ვერ დაფიქსირდება.
შედეგები აუცილებლად უნდა გავაუმჯობესოთ, მაგრამ კრიზისი ზედმეტად ხმამაღალი სიტყვაა. ნამდვილი კრიზისის სანახავად საინფორმაციოს უნდა უყუროთ. უკეთ თამაში გვინდა, მაგრამ კრიზისზე საუბარი მეტისმეტია," - თქვა ნაგელსმანმა.
სხვათა შორის, "ბაიერნმა" წელი ასე ცუდად 2007 წლის შემდეგ პირველად დაიწყო. მაშინ "რეკორდმაისტერს" წლის პირველ 3 მატჩში 1 ქულა ჰქონდათ აღებული, ახლა კი ანალოგიური მაჩვენებელი 3 ქულას შეადგენს.
ბავარიელებს ბუნდესლიგაში 37 ქულა აქვთ და მეორეადგილოსან "უნიონს" 1 ქულით უსწრებენ. მომდევნო მატჩი გუნდს გერმანიის თასზე, "მაინცის" წინააღმდეგ ელოდება.