• 09-05-2024
    ტუხელი: "ამ მარცხის გადატანას დრო დასჭირდება"
    ტუხელი: "ამ მარცხის გადატანას დრო დასჭირდება"

    მიუნხენის "ბაიერნი" "სანტიაგო ბერნაბეუზე" 88-ე წუთამდე იგებდა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გადიოდა, თუმცა ხოსელუს დუბლმა "უემბლის" საგზური მადრიდის "რეალს" დაუტოვა.

    შეხვედრის ყველაზე სკანდალური მომენტი საფინალო სასტვენამდე წამებით ადრე დაფიქსირდა, როცა შეტევაში გართულ "ბაიერნს" გვერდითმა მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობის აღმნიშვნელი ალამი ნაადრევად, მატაის დე ლიხტის მიერ დარტყმის შესრულების მომენტში აღუმართა. ნიდერლანდელმა გოლი გაიტანა, მაგრამ ვიდეორეფერი საქმეში ვერ ჩაერთო, რადგან ეპიზოდი ამ დარტყმამდე იყო დასრულებული.

    აღნიშნული მომენტისა და მარცხის სიმწარის თაობაზე "რეკორდმაისტერის" მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა მატჩის შემდეგ ისაუბრა.

    "ეს მტკივნეულია. წაგების გადატანას დრო დასჭირდება. მოედანზე ყველაფერი დავტოვეთ. რა თქმა უნდა, მარცხის მიღება რთულია. ესეც რეალობის ნაწილია, სანანებელი არაფერი გვაქვს. ბევრი ტრავმა გვქონდა, ბევრი ცვლილება დაგვჭირდა, ენერგია გამოგველია. სასტარტო შემადგენლობის 4 შემტევიდან მინდორზე ბოლოს აღარცერთი იყო. შემდეგ კი მანუმ, რომელიც დღეს განსაკუთრებული იყო, ისეთი შეცდომა დაუშვა, რომელსაც 100 წელი არ დაუშვებდა.

    დე ლიხტის მომენტი? ეს აბსოლუტური კატასტროფა იყო, "რეალის" მეორე გოლის დროს მათ ეპიზოდის დამთავრება აცადეს. წესი ასეთია. ჯერ ლაინსმენმა დაუშვა შეცდომა, შემდეგ კი მთავარმა მსაჯმა," - თქვა ტუხელმა.

    შეგახსენებთ, რომ თომასი "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობას სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს, მიუნხენელთათვის კი ეს პირველი უტიტულო სეზონი იქნება 2011/2012 წლების სეზონის შემდეგ.

    Facebook კომენტარები