• 23-07-2023
    ოფიციალურად: ჰარვი ბარნსი "ნიუკასლის" ფეხბურთელია
    ოფიციალურად: ჰარვი ბარნსი "ნიუკასლის" ფეხბურთელია

    "ნიუკასლ იუნაიტედმა" "ლესტერ სიტიდან" 25 წლის გარემარბის, ჰარვი ბარნსის ტრანსფერი გააოფიციალურა.

    ინგლისელმა ფეხბურთელმა "კაჭკაჭებთან" 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. სატრანსფერო თანხა არ სახელდება, თუმცა პრესა მიიჩნევს, რომ ჰარვის სანაცვლოდ "მელიებმა" 38 მილიონი ფუნტი მიიღეს.

    "მოხარული ვარ. ეს საოცარი კლუბია. მეძლევა შესაძლებლობა, მოვიდე და ვიყო ჩართული წარმატებულ პროექტში, რომელიც ამაღელვებელ რაღაცებს აკეთებს.

    ვფიქრობ, ასეთ გუნდში თამაში ყველა შემტევის ოცნებაა. ყველაფერი მაღალ სისწრაფეზე ხდება და ფიზიკურ გამძლეობას ითხოვს, თუმცა ეს საგოლე მომენტებითა და გოლებით კომპენსირდება. ჩემი აზრით, სათამაშო სტილს აუცილებლად მოვერგები," - თქვა ჰარვიმ.

    "ლესტერის" აკადემიის აღზრდილმა ლესტერშირული კლუბის პირველ გუნდში 187 მატჩი ჩაატარა. 2021 წელს მან გუნდთან ერთად ინგლისის ასოციაციის თასიც მოიგო, მაგრამ მას შემდეგ, რაც "მელიები" პრემიერ ლიგიდან გავარდნენ, ჰარვის იქ დარჩენა თავიდანვე გამორიცხული გახლდათ.

    რაც შეეხება "ნიუკასლს", "ჯორდებმა" მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე უკვე მე-3 ფეხბურთელი დაიმატეს. მანამდე კლუბი სანდრო ტონალითა და იაკუბა მინტეჰით (რომელიც უკვე "ფეინოორდში" გაანათხოვრეს) გაძლიერდა.

    Facebook კომენტარები