• 25-10-2023
    ჩალჰანოღლუ: "ვიცოდით, რომ "ზალცბურგთან" რთული მატჩი გველოდა"
    ჩალჰანოღლუ: "ვიცოდით, რომ "ზალცბურგთან" რთული მატჩი გველოდა"
    Author of the article
    Aa

    მილანის "ინტერმა" ჩემპიონთა ლიგის D ჯგუფში მეორე გამარჯვება მოიპოვა. "ნერაძურიმ" გუშინ ავსტრიულ "რედ ბულ ზალცბურგს" უმასპინძლა და მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 2:1 მოუგო.

    ანგარიში მე-19 წუთზე გაიხსნა, როცა თავი "ინტერნაციონალეში" დაბრუნებულმა ალექსის სანჩესმა გამოიჩინა. წონასწორობა 57-ე წუთზე ოსკარ გლუხმა აღადგინა, მაგრამ ავსტრიელთა სიხარულმა სულ 7 წუთს გასტანა - ჰაქან ჩალჰანოღლუს ზუსტად შესრულებულმა პენალტმა 3 ქულა "ჯუზეპე მეაცაზე" დატოვა.

    მატჩის შემდგომ ჟურნალისტებს სწორედ თურქი ნახევარმცველი გაესაუბრა.

    "ვიცოდით, რომ მარტივი თამაში არ იქნებოდა, რადგან "ზალცბურგი" ახალგაზრდა ენთუზიასტების გუნდია, რომლებიც ბევრს დარბიან. მათ ზაფხულში, ამხანაგურ მატჩში უკვე შევხვდით.

    მთავარი გამარჯვებაა. ახლა ჯგუფის ლიდერები ვართ და წინ 2 გასვლითი შეხვედრა გველოდება, რაც რთული იქნება. 

    საჭიროა, რომ ყოველთვის სწორი განწყობითა და ჭკუით ვითამაშოთ. ყოველ 3 დღეში 1 მატჩის ჩატარება იოლი არაა, მაგრამ ჩვენ კარგად გამოვედით და 3 ქულაც დავიმსახურეთ," - თქვა ჩალჰანოღლუმ.

    შეგახსენებთ, რომ "ინტერი" D ჯგუფის ლიდერობას "რეალ სოსიედადთან" ერთად იყოფს. 7-ქულიან დუეტს "ზალცბურგი" მოსდევს, რომელსაც 3 ქულა აქვს, "ბენფიკას" კი ჯერ ქულაც კი არ მოუპოვებია.

    Facebook კომენტარები