• 15-03-2024
    ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია
    ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია
    Author of the article
    Aa

    შვეიცარიის ქალაქ ნიონში შედგა უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა, რომელმაც 8 გუნდი დააწყვილა. 

    ცენტრალური ჯახი მადრიდის "რეალსა" და "მანჩესტერ სიტის" შორის გველოდება. ეს გუნდები ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე ზედიზედ მესამედ ხვდებიან ერთმანეთს - ანგარიში ჯერჯერობით 1-1-ია. წყვილის პირველი მატჩი 9/10 აპრილს "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება, 16/17 აპრილს კი მადრიდელები "ეტიჰადზე" ჩავლენ.

    ტურნირის ბოლო ორ გამარჯვებულს შორის უკეთესს ნახევარფინალში ლონდონის "არსენალისა" და მიუნხენის "ბაიერნის" დაპირისპირების ტრიუმფატორი ელოდება. პირველი შეხვედრა "ემირეიტსზეა" ჩანიშნული. საინტერესო იქნება ჰარი კეინის ჩრდილოეთ ლონდონშიც დაბრუნება.

    რაც შეეხება ბადის მეორე ნაწილს, პირველი წყვილი იქ მადრიდის "ატლეტიკომ" და დორტმუნდის "ბორუსიამ" შეადგინეს.

    ესპანურ-გერმანული ჯახის გამარჯვებული გუნდი "პარი სენ ჟერმენისა"  და "ბარსელონას" წყვილში უმჯობესს შეერკინება. ლუის ენრიკე და უსმან დემბელე დროებით კატალონიაში დაბრუნდებიან, თუმცა იქამდე პარიზში იქნება სათამაშო.

    აქვე შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალები 30 აპრილსა და 8 მაისსაა ჩანიშნული, ფინალს კი პირველ ივნისს ლონდონი უმასპინძლებს.

    Facebook კომენტარები