• 08-04-2024
    გვარდიოლა: "რეალის" ორჯერ ერთნაირად დამარცხება თითქმის შეუძლებელია"
    გვარდიოლა: "რეალის" ორჯერ ერთნაირად დამარცხება თითქმის შეუძლებელია"
    Author of the article
    Aa

    ჩემპიონთა ლიგა ხვალ მეოთხედფინალური ეტაპით განახლდება. პირველ წყვილში "სანტიაგო ბერნაბეუზე" მადრიდის "რეალი" "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლებს, მეორე დუელი კი "არსენალსა" და მიუნხენის "ბაიერნს" შორის "ემირეიტსზე" შედგება.

    ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე უკვე მიჯრით მესამე სეზონია, რაც "თეთრებისა" და "ქალაქელების" გზები იკვეთება. 2022 წელს "სამეფო კლუბმა" მეტოქე ნახევარფინალში სასწაულებრივი ქამბექით დაამარცხა, შარშან კი "სიტიმ" მეტოქესგან ქვა ქვაზე არ დატოვა და ორი მატჩის ჯამში 5:1 მოუგო. 

    "სიტიზენთა" მთავარ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას მოვლენათა შარშანდელი სცენარით განვითარება ნაკლებად წარმოუდგენია, რაც დღევანდელ პრესკონფერენციაზეც დაგვიდასტურა.

    "რეალის" ორჯერ ერთნაირად დამარცხება თითქმის შეუძლებელია. მათთვის ერთხელ მოგებაც კი რთულია და წარმოიდგინეთ, ამის ორჯერ გაკეთება რამხელა სიძნელეს წარმოადგენს.

    მათაც და ჩვენც ახალი ფეხბურთელები გვყავს. ეს შარშანდელისგან სრულიად განსხვავებული მატჩები იქნება.

    საპასუხო მატჩი სახლში გვაქვს, თავს ძლიერებად ვგრძნობთ, შინ მეტად თავდაჯერებულები ვართ... "ბერნაბეუზე" თამაში უფრო ხანგრძლივი ჩანს ხოლმე და ამას ბევრი მიზეზი აქვს. შეხვედრის ხასიათი მისი მიმდინარეობისას ბევრჯერ შეიცვლება.

    მეტოქეს დაცვაში ღრმად ჩაჯდომა შეუძლია. ყველამ იცის, თუ რა ძლიერები არიან ისინი კონტრშეტევებზე. როდრიგოსთან, ვინიციუსთან და ბელინგემთან ერთად მათ გასაოცარი სისწრაფე აქვთ.

    უნდა ვეცადოთ, რომ მათ ვატკინოთ. ისინი უნდა დავსაჯოთ, ვაჩვენოთ, რომ აქ გოლების გასატანად ვართ," - თქვა პეპმა.

    შეგახსენებთ, რომ "რეალისა" და "მანჩესტერ სიტის" დაპირისპირება თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები