

გასულ სეზონში, როცა "პარი სენ ჟერმენმა" ჩემპიონთა ლიგა "რეალთან" განცდილი ქამბექის შემდეგ დატოვა, ფრანგული კლუბის ქომაგებმა მთელი პასუხისმგებლობა გუნდის სამხრეთ ამერიკელ მეგავარსკვლავებს - ლეო მესისა და ნეიმარ ჟუნიორს დააკისრეს.
"სანტიაგო ბერნაბეუზე" ნაჭამი სირცხვილის შემდგომი პირველი მატჩი "ბორდოსთან" შედგა და ყოველ ჯერზე, როცა ბურთს მესი ან ნეიმარი ეხებოდნენ, პარიზელი ულტრასები ყურთასმენისწამღებ ობსტრუქციას აწყობდნენ ხოლმე.
სწორედ ამ დღის შემდეგ აიცრუა ლეომ გული "პსჟ-ს" გულშემატკივრებზე. იგი ულტრასების კედელთან აღარც მიდიოდა ხოლმე, თუმცა გუშინ განსხვავებული რამ მოხდა.
"ბაიერნთან" წაგების შემდეგ არგენტინელი მეგავარსკვლავი თავად მივიდა ლიგა ერთის ლიდერთა ფანების ტრიბუნასთან და მათ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მესის გვერდით ნეიმარიც ედგა.
იმ რთული სიტუაციიდან გამომდინარე, რაც ახლა "პსჟ-ში" სუფევს, (ნეიმარის ჩხუბი ლუის კამპოსთან, 2 მოგება ბოლო 8 მატჩში, მარცხი "ბაიერთან"), გულშემატკივრების თანადგომა კლუბისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს. როგორც ჩანს, ეს მესის ძალიან კარგად ესმის.
აქვე გეტყვით, რომ განმეორებითი შეხვედრა 8 მარტს "ალიანს არენაზე" გაიმართება. კრისტოფ გალტიეს შეგირდებს ერთბურთიანი სხვაობა აქვთ აღმოსაფხვრელი.