• 07-05-2024
    "პსვ" კოულ პალმერის დამატებასთან ახლოს იყო
    "პსვ" კოულ პალმერის დამატებასთან ახლოს იყო
    Author of the article
    Aa

    კოულ პალმერი პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია. "მანჩესტერ სიტიდან" "ჩელსიში" გაყიდულმა ინგლისელმა ამ გათამაშებაში თავი 21 გოლსა და 9 საგოლე გადაცემას მოუყარა, რაშიც მას კონკურენციას მხოლოდ ერლინგ ჰოლანდი უწევს. კოულის ყოფილი თანაგუნდელის აქტივში ასევე 30 საგოლე მოქმედებაა (25+5).

    ცხადია, "ქალაქელთა" ბევრ გულშემატკივარს გულს ტკენს ის ფაქტი, რომ მათი აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი ახლა სხვა გუნდში ბრწყინავს, თუმცა პალმერს "ეტიჰადიდან" აბარგება მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი და მას ვერავინ გადაარწმუნებდა.

    მიუხედავად ამისა, მაინც არსებობდა შანსი, რომ 22 წლის ვარსკვლავი დღესაც "სიტის" საკუთრებაში ყოფილიყო.

    ნიდერლანდელი ალგემეენ დაგბლადის ინფორმაციით, 2023 წლის ზაფხულში პალმერის იჯარის წესით დამატებას "პსვ ეინდჰოვენი" ცდილობდა. "ფერმერებმა" მანჩესტერულ კლუბთან თითქმის სრულ შეთანხმებასაც მიაღწიეს, მაგრამ "ჩელსიმ" ძალიან სწრაფად იმოქმედა და პალმერი თავისთან წაიყვანა.

    ნამდვილად ვერ დავდებთ თავს, რომ ერედივიზიეში წასვლა კოულის კარიერისთვის უკეთესი გამოდგებოდა, თუმცა ის მაინც აღვნიშნოთ, რომ "პსვ-ში" გადაბარგება მას ნიდერლანდების ჩემპიონის ტიტულს მოუტანდა, "ჩელსიში" გადაბარგებით კი 2023/2024 წლების სეზონს უტიტულოდ ასრულებს.

    აქვე შეგახსენებთ, რომ "არისტოკრატებმა" პალმერში "სიტის" 47 მილიონი ევრო გადაუხადეს.

    Facebook კომენტარები