• 16-09-2022
    "დიბალამ ყველაფერი შეცვალა" - მოურინიო "ჰიკთან" მატჩს აფასებს
    "დიბალამ ყველაფერი შეცვალა" - მოურინიო "ჰიკთან" მატჩს აფასებს
    Aa

    იტალიურმა "რომამ" ევროპა ლიგის ახალ სეზონში თავისთვის პირველი გამარჯვება მოიპოვა. "ჯალაროსიმ" გუშინ "ჰიკს" უმასპინძლა და მეტოქე დამაჯერებლად, ანგარიშით 3:0 დაამარცხა.


    სტუმრები მე-14 წუთიდან კაცნაკლულნი თამაშობდნენ, თუმცა "მგლებმა" ანგარიში მხოლოდ მეორე ტაიმში გახსნეს - თავი მოედანზე ახლადშესულმა პაოლო დიბალამ გამოიჩინა. ამას მალევე მოჰყვა ლორენცო პელეგრინის გოლი, შემდეგ კი ანდრეა ბელოტიმაც გაიტანა. ორივე გოლის ასისტენტი ნიკოლო ძანიოლო გახლდათ.


    ფინელების წინააღმდეგ მოგებული შეხვედრა "რომას" პორტუგალიელმა თავკაცმა, ჟოზე მოურინიომ შეაფასა.


    "რა თქმა უნდა, დიბალამ პირველი გოლი გაიტანა და გუნდსაც განსხვავებული დამოკიდებულება გაუჩნდა. პირველ ტაიმში ასე არ იყო. ისე ვთამაშობდით, თითქოს მატჩი 11-11-ზე მიდიოდა.


    პასიურები ვიყავით. საბედნიეროდ, პაოლომ ნავსი გატეხა და ამის მერე ყველაფერი სხვანაირად წავიდა. ჩვენ პრაქტიკულად ორმცველიან ტაქტიკაზე გადავედით, რადგან ვიცოდით, რომ მეორე გოლიც მალე უნდა გაგვეტანა და რიცხობრივი უპირატესობით მაქსიმალურად გვესარგებლა.


    "ჰიკის" გამო ვწუხვარ. მათ კარგად დაიწყეს და ათი კაცით დარჩენამ საქმე გაურთულათ. ვიდეორეფერიმ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ასეთ სიტუაციაში მეც ვყოფილვარ და ვიცი, რას გრძნობენ მწვრთნელი და ფეხბურთელები," - თქვა მოუმ.


    გეტყვით, რომ "რომას" ევროპა ლიგის ჯგუფში 3 ქულა აქვს და მეორე პოზიციას "ლუდოგორეცთან" ერთად იყოფს. პირველ ადგილზე 6-ქულიანი "ბეტისია", რომელთანაც რომაელებს ზედიზედ ორი მატჩი ელოდებათ.

    Facebook კომენტარები