• 07-07-2024
    საკა: "საკუთარი თავით ამაყი ვარ"
    საკა: "საკუთარი თავით ამაყი ვარ"

    როგორც მოგეხსენებათ, ინგლისის ნაკრებმა ევრო 2024-ის ნახევარფინალს უწია. მეოთხედფინალში "სამმა ლომმა" შვეიცარიის ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა, ანგარიშით 5:3.

    პენალტების სერიამდე კი ფრედ დასრულებული (1:1) 120 წუთი იყო. გარეთ საუთგეიტის შეგირდები ტურნირის დატოვებას 75-ე წუთზე მიუახლოვდნენ, როცა ბრიენ ემბოლომ ანგარიში გახსნა, მაგრამ ბუკაიო საკას მიერ 5 წუთში გატანილმა გოლმა მათ ისევ დამშვიდების საშუალება მისცა.

    საკამ თერთმეტმეტრიანების სერიაშიც გამოიჩინა თავი და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. შეხვედრის შემდეგ "არსენალის" ვარსკვლავმა მცირე კომენტარიც გააკეთა. ცხადია, ბუკაიოს ევრო 2020-ის ფინალში გაფუჭებული პენალტიც გაახსენეს.

    "ასეთი რამიდან დაბრუნება ძალიან რთულია. ამან ძლიერი გამხადა. დღეს შანსი გამოვიყენე და ბედნიერი ვარ.

    ეს განსაკუთრებული იყო. როგორ ვიბრძოლეთ... ბოლოს, როცა ევროზე პენალტების სერია გვქონდა, კარგად გახსოვთ, როგორც დამთავრდა. ძალიან ამაყი ვარ ყველათი, ვინც ეს ტვირთი საკუთარ თავზე აიღო.

    მჯეროდა. ვგრძნობდი, რომ მთელი მატჩის განმავლობაში ვდომინირებდით და საგოლე შანსი აუცილებლად მოვიდოდა. ეს შანსი მოვიდა და იგი მე გამოვიყენე, ამიტომ საკუთარი თავითაც ამაყი ვარ.

    რას ვგრძნობდი პენალტის შესრულების დროს? შეიძლება ერთხელ ჩაფლავდე, მაგრამ მე ისეთი ადამიანი ვარ, რომელსაც მსგავს სიტუაციაში თავის ჩაყენება ისევ უნდა ხოლმე. ვიცი, რომ ამ მომენტს ბევრი ემოციური ადამიანი უყურებდა, მათ შორის ჩემი ოჯახის წევრებიც, მაგრამ არ ავღელვებულვარ და პენალტი გავიტანე," - თქვა საკამ.

    შეგახსენებთ, რომ ევრო 2020-ის ფინალში ინგლისელთა მხრიდან პენალტები საკამ, მარკუს რაშფორდმა და ჯეიდონ სანჩომ გააფუჭეს. დღევანდელ ნაკრებში ამ სამეულიდან მხოლოდ ბუკაიოს ვხედავთ.

    ნახევარფინალს ინგლისელები 10 ივლისს ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებენ. მატჩი თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები