• 07-07-2024
    კუმანი: "თუ ფინალში გავალთ, ესპანეთთან თამაში მირჩევნია"
    კუმანი: "თუ ფინალში გავალთ, ესპანეთთან თამაში მირჩევნია"

    ნიდერლანდების ნაკრები ფინალისკენ სვლას განაგრძობს. "ნარინჯისფრებმა" გუშინ თურქეთის ეროვნულ გუნდთან მეოთხედფინალური მატჩი ჩაატარეს და მიუხედავად იმისა, რომ სამეტ აქაიდინის გოლით 70-ე წუთამდე აგებდნენ, თამაში მაინც შემოატრიალეს - 2:1.

    ნიდერლანდელებს მხსნელად ჯერ სტეფან დე ვრაი მოევლინათ, რომელმაც თავური დარტყმით აიღო თურქთა კარი, აქედან 6 წუთში კი მერტ მულდურმა ავტოგოლი შეაგდო. დარჩენილ დროში ნომინალურმა მასპინძლებმა უპირატესობა განსაკუთრებული პრობლემების გარეშე შეინარჩუნეს.

    მატჩის მერე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა ნახევარფინალში ინგლისთან გასამართ ბრძოლაზეც ისაუბრა.

    "ძალიან ემოციური თამაში იყო. ჩვენ დიდი გული გამოვაჩინეთ. არადა, ხშირად გვაკრიტიკებენ ხოლმე, რომ სხვა ნაკრებებთან შედარებით, ეს ნაკლებად გვაქვს. ანგარიშში ჩამორჩენის მერე ფეხბურთელებმა სწორედ დიდი გული დაგვანახეს. გაგვიჭირდა, მაგრამ ეს დიდი წარმატებაა.

    მოგვცემს თუ არა რაიმე უპირატესობას ის, რომ ჩვენ ძირითად დროში მოვიგეთ, ინგლისმა კი პენალტების სერია ითამაშა? როცა თამაშს იგებ, ეს ყოველთვის კარგ შეგრძნებას ბადებს. ჩვენც და ინგლისმაც ძალები უნდა აღვიდგინოთ. ერთსა და იმავე დღეს ვითამაშეთ. მათსავით მოგვიწევს მგზავრობა. შედეგს ფიზიკური ასპექტი არ გადაწყვეტს.

    ნახევარფინალის მოსაგებად ბრძოლა მოგვიწევს. ოთხშაბათს დიდებული ღამე იქნება, სადაც ორი ისტორიული გუნდი ეთამაშება ერთმანეთს. თუ ფინალში გავალთ, იქ ესპანეთთან დაპირისპირება მირჩევნია, რადგან საფრანგეთს ჯგუფში შევხვდით," - თქვა კუმანმა.

    ინგლისისა და ნიდერლანდების ნაკრებების ნახევარფინალური მატჩი 10 ივლისს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები