• 10-07-2024
    ქამბექი შედგა - ესპანეთი ფინალშია
    ქამბექი შედგა - ესპანეთი ფინალშია

    ევრო 2024-ის პირველი ფინალისტი ცნობილია და ის ესპანეთის ნაკრები გახლავთ. "ფურია როხამ" საფრანგეთის ეროვნულ გუნდს დაძაბულ ბრძოლაში 2:1 მოუგო.

    არადა, ესპანელთათვის ყველაფერი ძალიან ცუდად იწყებოდა. "მამლები" მე-8 წუთზევე დაწინაურდნენ, როცა კილიან მბაპეს ჩინებული გადაცემით რანდალ კოლო მუანიმ ისარგებლა. სწრაფმა გოლმა დიდიე დეშამის შეგირდებს ფრთები შეასხა - მატჩის სტარტი ცალსახად მათი გახლდათ.

    ყველაფერი 21-ე წუთიდან შეიცვალა. პირენეელთა 16 წლის სუპერტალანტმა, ლამინ იამალმა ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა, რითაც ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გოლეადორი გახდა. 4 წუთში ამას დანი ოლმოს გოლიც მოჰყვა. თავდაპირველად იგი ჟულ კუნდეს ავტოგოლად ჩაითვალა, მაგრამ ოქმში მოგვიანებით შესწორება შევიდა.

    მეორე ტაიმი გაცილებით უინტერესო გამოდგა. "სამფეროვნებმა" მეტოქის კართან რეალური ხიფათი ვერ შექმნეს, ესპანელებმა კი მოპოვებული უპირატესობა ბრწყინვალედ დაიცვას.

    ესპანეთი ფინალში 14 ივლისს ითამაშებს, თავის მეტოქეს კი ხვალ, ინგლისი-ნიდერლანდების დაპირისპირებაში გაარკვევს.

    Facebook კომენტარები