ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-5 ტურის ცენტრალურ დაპირისპირებას "ენფილდი" უმასპინძლებს, სადაც ერთმანეთს "ლივერპული" და მადრიდის "რეალი" შეხვდებიან. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "სამეფო კლუბის" მხრიდან, კარლო ანჩელოტისთან ერთად, ჯუდ ბელინგემიც წარდგა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
21 წლის ინგლისელს ევრო 2024-დან გამოყოლილი უარყოფითი ემოციების შესახებ მოუხდა საუბარი.
"სახეზე ღიმილი ინგლისის ნაკრებში თამაშისას დავკარგე, რადგან ევროპის ჩემპიონატის მერე თავს ისე ვგრძნობდი, რომ იმასთან შედარებით, რა შრომაც გავწიე, უსამართლოდ მექცეოდნენ. ახლა ისევ ვიღიმი.
ვფიქრობ, ეს ძალიან მკაცრი იყო. თავი განტევების ვაცად ვიგრძენი. საკუთარი თავი მეცოდებოდა. მეგონა, რომ მნიშვნელოვან მომენტების კარგად გადაწყვეტაში შევიტანე ჩემი წვლილი, მაგრამ მერე თითქოს სამყარო თავზე მექცეოდა. განსაკუთრებით ეს ფინალის შემდეგ 3 დღეზე ითქმის.
ჟურნალისტებთან შეხვედრებზე უარი? მედია ამას ისე გადმოსცემდა, თითქოს ამპარტავნებას ვიჩენდი, მაგრამ საქმე სხვა რამეში იყო. ტურნირის მიმდინარეობისას ჟურნალისტები ჩემი ოჯახის წევრების სანახავად მივიდნენ, ჩემი ბებია-ბაბუის. არ მგონია, ეს სწორი იყოს. ეს უპატივცემულობაა. სწორედ ამის მერე გადავწყვიტე, მთლიანად ფეხბურთზე ვფოკუსირებულიყავი, იმის ნაცვლად, რომ მელაპარაკა იმ ხალხთან, რომლებიც პატივს არ მცემდნენ.
ჩემი ოჯახი უპირველესია. ბებიაჩემს ზაფხულში სახლიდან გამოსვლაც აღარ უნდოდა," - იხსენებს ჯუდი.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ბელინგემი ინგლისის ნაკრებში ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ. მან ჯერ სერბეთს გაუტანა ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, მერვედფინალში კი, 95-ე წუთზე შესრულებული მაკრატელით, "სამი ლომი" სლოვაკეთთან შერცხვენას გადაარჩინა. ფინალში ჯუდის ანგარიშზე საგოლე გადაცემა გახლდათ.
რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, "რეალის" მაისურით ჩატარებულ 14 მატჩში ინგლისელმა 2 გოლითა და 4 ასისტით გამოიჩინა თავი.