

გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ჰანსი ფლიკის გათავისუფლება ოფიციალურად დაადასტურა.
ბუნდესგუნდს ზედიზედ 4 მატჩი აქვს წაგებული. ფლიკისთვის ბოლო წვეთი გუშინ, იაპონიის ნაკრებთან განადგურება გახლდათ. "ალემანები" კუნძულელებთან ანგარიშით 1:4 დამარცხდნენ.
იმ ფონზე, რო 9 თვეში გერმანია ევრო 2024-ს უნდა უმასპინძლოს და ეროვნული გუნდი უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება, 58 წლის სპეციალისტის გაშვება მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა.
შეგახსენებთ, რომ ფლიკი ნაკრებში 2021 წლიდან მუშაობს. მისი ხელმძღვანელობით გერმანელებმა ერთადერთ დიდ ფორუმზე - კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე მოასწრეს თამაში და იქაც ჯგუფში ჩარჩნენ. ჰანსის სანაკრებო სტატისტიკა შემდეგნაირია: 25 მატჩი, 12 გამარჯვება, 7 ფრე, 6 მარცხი.
ახლა ფედერაცია ახალი მწვრთნელის ძიებას შეუდგება. მთავარ კანდიდატად იულიან ნაგელსმანი სახელდება.