"მანჩესტერ იუნაიტედის" დანიელმა ცენტრფორვარდმა რასმუს ჰოილუნმა მისი თანამემამულეების მიერ ფინურ სტადიონზე მოწყობილ ზეიმს ულიდერა.
ჩრდილოურ დერბიში ფინეთის ეროვნული გუნდი დანიის ნაკრების შეტევებს 85-ე წუთამდე უმკლავდებოდა, თუმცა ლონდონის "ტოტენჰემის" გამოცდილმა ნახევარმცველმა, პიერ-ემილ ჰოიბერგმა შორეული გასროლით მაინც მოახერხა მატჩის ერთადერთი გოლის გატანა.
მატჩის დასრულების შემდეგ მეგაფონი ხელთ სწორედ "ემიუს" ახალწვეულმა იგდო და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება ქომაგებთან ერთად აღნიშნა.
"იყო თუ არა ფანების წინამძღოლობა ჩემი ოცნება? კი, ასე ვფიქრობ. ბავშვობაში ყოველთვის ვიდექი ხოლმე ტრიბუნაზე, როცა "კოპენჰაგენი" ან დანიის ნაკრები თამაშობდა.
ეს ძალიან მაგარი იყო. ვიტყოდი, რომ ჩემი სიყმაწვილის ოცნება ავიხდინე. სასიამოვნო შეგრძნებაა მეგაფონის ხელში აღება და საკუთარ გულშემატკივრებთან ახლოს ყოფნა.
უფროს ფეხბურთელებს უნდოდათ, მეტი პასუხისმგებლობა მეტვირთა. მეც ერთ-ერთი ვარ იმ ახალგაზრდებს შორის, რომლებმაც ნაბიჯი წინ უნდა გადადგან და ნაკრებში თავიანთი მნიშვნელობა დაამტკიცონ. ბედნიერი ვარ," - თქვა ჰოილუნმა.
აქვე გეტყვით, რომ დანიის ნაკრები H ჯგუფში მეორე პოზიციაზეა და ლიდერ სლოვენიას ბურთების სხვაობით ჩამორჩება. თანალიდერებს 13-13 ქულა აქვთ, მესამე ადგილზე მყოფი ფინეთის მონაგარი კი 12 ქულაა.