• 30-07-2023
    "პარი სენ ჟერმენი" უსმან დემბელეს უახლოვდება
    "პარი სენ ჟერმენი" უსმან დემბელეს უახლოვდება

    უკანასკნელ წუთებში ერთბაშად რამდენიმე წყარო ავრცელებს ინფორმაციას, რომ უსმან დემბელეს "ბარსელონადან" წასვლა რეალურია და ფეხბურთელი შეიძლება "პარი სენ ჟერმენს" შეუერთდეს.

    ჟერარ რომეროს თუ დავუჯერებთ, წინ გადამწყვეტი საათებია. "პსჟ" 26 წლის გარემარბის გამოსასყიდი თანხის, 50 მილიონი ევროს გადახდისთვის მზადაა. თუ ფრანგული გრანდი ამას გააკეთებს, "ბლაუგრანას" წინააღმდეგობის გაწევა აღარ შეეძლება - ყველაფერი თავად დემბელეს არჩევანზე იქნება დამოკიდებული.

    ფრანგული RMC Sport კიდევ უფრო თამამ პროგნოზს გვთავაზობს: "ყველაფერი იმისკენ მიუთითებს, რომ დემბელე "პსჟ-ს" ფეხბურთელი გახდება."

    დემბელეს აგენტი, მუსა სისოკო აშშ-ს ტურნეზე "ბარსასთან" ერთად იმყოფებოდა. რომეროს ინფორმაციით, "ბლაუგრანას" პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას ეს არ ესიამოვნა.

    მნიშვნელოვანია ჩავი ერნანდესის როლიც. ბოლო ცნობების მიხედვით, "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი უსმანს უახლოეს საათებში დაელაპარაკება. სხვათა შორის, Mundo Deportivo-ს ფერან კორეასის თქმით, ჩავის დემბელესთვის პირობა მიუცია, რომ "ბარსაში" დარჩენის შემთხვევაში, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდება.

    აქვე შეგახსენებთ, რომ "ბლაუგრანას" შვიდიანის გამოსასყიდი თანხა 50 მილიონი (რომლიდანაც 25 მილიონი აგენტს ერგება) პირველ აგვისტომდეა. პირველი აგვისტოდან ეს თანხა 100 მილიონამდე გაიზრდება, ამიტომ "პსჟ-მ" უნდა იჩქაროს.

    Facebook კომენტარები