• 29-02-2024
    პოგბა: "დამწუხრებული, შოკირებული და გულგატეხილი ვარ"
    პოგბა: "დამწუხრებული, შოკირებული და გულგატეხილი ვარ"
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, იტალიურ პრესაში დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტურინის "იუვენტუსის" ფრანგი ნახევარმცველი, პოლ პოგბა აკრძალული პრეპარატის მოხმარების გამო 4-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

    ამ ცნობებს პოლი ინსტაგრამზე განთავსებული ვრცელი პოსტით გამოეხმაურა:

    "ეროვნული დოპინგსაწინააღმდეგო ტრიბუნალის გადაწყვეტილება დღეს შემატყობინეს და მჯერა, რომ ვერდიქტი არასწორია.

    დამწუხრებული, შოკირებული და გულგატეხილი ვარ, რომ ყველაფერი, რაც ჩემს პროფესიონალურ კარიერაში მიშენებია, წამართვეს.

    როცა სამართლებრივი ბარიერებისგან გავთავისუფლდები, მთელი ამბავიც ცნობილი გახდება, მაგრამ ახლა იმას ვიტყვი, რომ განზრახ არასდროს მიმიღია ისეთი პრეპარატი, რომელიც დოპინგსაწინააღმდეგო რეგულაციებს არღვევდა.

    მე, როგორც პროფესიონალი სპორტსმენი, არასდროს გავაუმჯობესებდი ჩემი თამაშის ხარისხს აკრძალული ნივთიერებებით. მე არასდროს მითაღლითია და არასდროს გამომივლენია უპატივცემულობა იმ გუნდების ფეხბურთელებისა და ქომაგებისა, რომლებშიც ან რომელთა წინააღმდეგაც მითამაშია.

    დღეს გამოცხადებულ გადაწყვეტილებას სპორტულ არბიტრაჟში გავასაჩივრებ."

    შეგახსენებთ, რომ პოგბა იტალიის ეროვნული დოპინგსაწინააღმდეგო ტრიბუნალის მიერ ფეხბურთს დროებით გახლდათ ჩამოშორებული და 2023 წლის აგვისტოს მერე არცერთ სამატჩო განაცხადში მოხვედრილა. თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, დღევანდელი ამბავი "ბიანკონერის" ნახევარმცველის კარიერის დასასრულადაც უნდა ჩავთვალოთ, რადგან ძალიან რთული წარმოსადგენია, ტრავმებისკენ მიდრეკილი პოლი მინდორზე 4-წლიანი უთამაშებლობის შემდეგაც დარჩეს.

    Facebook კომენტარები