• 01-03-2024
    კოკე: "ატლეტიკოს" ფანებს ბოდიშს ვუხდი"
    კოკე: "ატლეტიკოს" ფანებს ბოდიშს ვუხდი"
    Author of the article
    Aa

    ბილბაოს "ატლეტიკმა" მადრიდის "ატლეტიკოს" კოპა დელ რეის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩიც მოუგო და ტურნირის ფინალში გავიდა.

    "ვანდა მეტროპოლიტანოზე" ბასკებს მინიმალური სხვაობით ჰქონდათ მოგებული (0:1), მშობლიურ "სან მამესზე" კი მეტოქეს 3 უპასუხო გოლი გაუტანეს. პირველ ტაიმში ინიაკი და ნიკო უილიამსებმა აიღეს იან ობლაკის კარი, მერე კი თავი გორკა გურუზეტამ გამოიჩინა.

    უშანსოდ წაგებული ნახევარფინალის გამო გულშემატკივრებს "ატლეტიკოს" კაპიტანმა, კოკემ მოუბოდიშა.

    "მძიმე ღამეა. საჭირო დონეზე ვერ ვითამაშეთ. სახლში გვქონდა შანსები, რომ გაგვემარჯვა, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ. აქ ჩამოვედით, ვეცადეთ, თუმცა წარმატება არ გვეწერა.

    ბოდიშს ვუხდი გულშემატკივრებს, რომლებიც აქ ჩამოგვყვნენ და მათაც, ვინც სახლიდან გვქომაგობდა და ჩვენი ფინალში ხილვა უნდოდა," - თქვა კოკემ.

    "ატლეტიკო" ახლა ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე გაერთვება. შიდა ჩემპიონატში მადრიდელებს ოთხეულში მოხვედრა აქვთ გასანაღდებელი, ჩემპიონთა ლიგაზე კი მილანის "ინტერთან" წაგებით (0:1) დაწყებული მერვედფინალური დუელი უნდა დაატრიალონ.

    რაც შეეხება კოპა დელ რეის ფინალს, "ატლეტიკს" იქ "მალიორკა" შეხვდება. მატჩი 6 აპრილსაა ჩანიშნული.


    Facebook კომენტარები