• 13-03-2024
    "3 პენალტი უნდა ამეღო" - რაია "არსენალის" გმირია
    "3 პენალტი უნდა ამეღო" - რაია "არსენალის" გმირია
    Author of the article
    Aa

    ლონდონის "არსენალმა" წუხელ 14-წლიანი ნავსი გატეხა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა. ამის გასაკეთებლად "მეთოფეებს" "პორტუსთან" 120-წუთიანი ბრძოლა და პენალტების სერია დასჭირდათ.

    "დრაგაუზე" გამარჯვებით მოპოვებული უპირატესობა "დრაკონებს" გუშინდელი მატჩის 41-ე წუთზე გაუქრათ, როცა ლეანდრო ტროსარმა მარტინ ოდეგორის ფანტასტიკური პასით ისარგებლა. ნორვეგიელმა ნახევარმცველმა გოლი მეორე ტაიმში თავადაც გაიტანა, თუმცა იგი მთავარი არბიტრის, კლემან ტურპენის საკმაოდ საკამათო გადაწყვეტილებით გაუქმდა. 

    პენალტების სერიის გმირი "მეთოფეების" ესპანელი მეკარე, დავიდ რაია გახდა. 28 წლის გოლკიპერმა ვენდელისა და გალენოს დარტყმული თერთმეტმეტრიანები აიღო, "არსენალის" მხრიდან კი ოდეგორი, კაი ჰავერცი, ბუკაიო საკა და დეკლან რაისი შეუცდომელნი იყვნენ.

    რაიამ მატჩის შემდეგ მცირე ინტერვიუც გასცა.

    "3 პენალტი უნდა მომეგერიებინა.

    ვფიქრობ, ეს ჩემი კარიერის ერთ-ერთი უდიდესი მომენტია. იმედი მაქვს, რომ ასეთი კიდევ ბევრი მელოდება წინ.

    ეს გამარჯვება ჩვენთვის დიდი სტიმული იქნება. იგი მოგვცემს დიდ გამოცდილებასაც, რომელზედაც აუცილებლად ვისწავლით.

    გულშემატკივრები ფანტასტიკურები იყვნენ. ეს დიდი ხანია ასეა, მაგრამ დღევანდელი ქომაგობა განსაკუთრებული იყო. მათ შექმნეს ხმაური, რომელიც ძალიან გვჭირდებოდა," - თქვა რაიამ.

    "არსენალი" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში თავის მეტოქეს 15 მარტს ჩასატარებელი წილისყრის შედეგად გაარკვევს.

    Facebook კომენტარები